ლოცვანი
აპლიკაცია

მათეს სახარება, თავი 19

1

როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიღა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა.

2

თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი.

3

მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი?

4

ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?

5

და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

6

ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.

7

კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა?

8

მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.

9

ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.

10

უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს.

11

ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა.

12

ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.

13

მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ.

14

ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი.

15

დაადო ხელი და წავიდა იქიდან.

16

და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?

17

ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.

18

უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;

19

პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.

20

უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ?

21

იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.

22

ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.

23

ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში.

24

ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.

25

ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება.

26

შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია.

27

მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ?

28

ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.

29

და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს.

30

მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.

1

და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა.

2

და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.

3

მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?

4

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?

5

და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც,

6

ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.

7

ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?

8

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.

9

ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.

10

ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.

11

ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.

12

რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.

13

მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ.

14

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.

15

და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ.

16

აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?

17

ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი.

18

ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო;

19

პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

20

ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე?

21

ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.

22

და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.

23

ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.

24

და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა.

25

ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად?

26

მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.

27

მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?

28

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.

29

და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს.

30

ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა.

12345678910111213141516171819202122232425262728