მათეს სახარება, თავი 26
და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა:
თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად.
მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე.
და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი.
მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო.
ხოლო როცა ბეთანიაში იყო იესო, სიმონ კეთროვანის სახლში,
მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს.
ეს რომ დაინახეს, მისი მოწაფეები განრისხდნენ და თქვეს: რა საჭიროა ასეთი ფლანგვა?
ვინაიდან შეიძლებოდა დიდ ფასად გაგვეყიდა ნელსაცხებელი და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
მაგრამ იესო მიუხვდა და უთხრა მათ: რას ერჩით ამ ქალს? მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო:
ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
ნელსაცხებელი რომ მცხო ტანზე, ამით დასამარხათ გამამზადა.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, საღაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, მღვდელმთავრებთან
და უთხრა მათ: რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუკი მას მოგცემთ? ხოლო მათ მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი.
და მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი.
ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
მან კი თქვა: წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით: მოძღვარი ამბობს: მოაწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად.
მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ, და მოუმზადეს პასექი.
და მწუნრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე.
ისინი დიდად დამწუხრდნენ და ყველამ ცალ-ცალკე დაუწყო კითხვა: მე ხომ არა, უფალო?
ხოლო მან პასუხად თქვა: ვინც ჩემთან ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში, ის გამცემს მე.
და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ შობილიყო ის კაცი.
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი.
და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი.
აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ:
ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში.
იგალობეს, და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.
მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი შეცდებით ამაღამ ჩემს გამო; ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ფარის ცხვრები.
ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეისკენ.
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.
მიუგო მას პეტრემ: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ. და ასევე ამბობდა ყველა მოწაფე.
მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.
თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.
მაშინ უთხრა მათ იესომ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე; იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.
ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ.
მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.
მეორედაც გაშორდა მათ, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შეუძლებელია ამცდეს ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, დე, იყოს ნება შენი.
მივიდა და კვლავ მძინარენი ჰპოვა ისინი, რადგან თვალები დამძიმებოდათ.
მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
მერე მივიდა მოწაფეებთან და უთხრა მათ: კვლავინდებურად გძინავთ და განისვენებთ? აჰა, მოაწია დრომ, და ძე კაცისა მიეცემა ცოდვილთა ხელში.
ადექით, წავიდეთ: აჰა, მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი.
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მოვიდა და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით, მღვდელმთავართა და ხალხის უხუცესთაგან.
ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის: შეიპყარით იგი.
მსწრაფლ მიეახლა იესოს და უთხრა: გიხაროდეს, რაბი! და ეამბორა.
ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოსულხარ? მაშინ მისცვივდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.
ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.
როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?
მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე.
ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა.
ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.
პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,
რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.
მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?
მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?
უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?
რას იტყვით? ხოლო მათ პასუხად თქვეს: სიკვდილის ღირსია.
მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა შენ?
პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.
ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.
მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.
გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?
მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა
და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,
მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.
ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა.
ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო.
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.
მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ
და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი.
და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით.
და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.
და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა:
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.
ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე.
ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.
ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს
მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.
და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.
კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.
და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.
მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი
და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.
და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას.
ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი.
და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.
მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.
ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?
და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე.
ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს
ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.
ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი,
და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი
და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად.
მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ?
ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?
ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი.
რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს
და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა.
ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ.
და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა.
და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ.
მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.