ლოცვანი
აპლიკაცია

იოანეს გამოცხადება, თავი 7

1

შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.

2

და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა:

3

ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.

4

და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან:

5

იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი,

6

ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი,

7

სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი,

8

ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი.

9

შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი.

10

ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის!

11

ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა:

12

ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე.

13

მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?

14

მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.

15

ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით.

16

ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.

17

რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.

1

და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

2

და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ:

3

ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

4

და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა:

5

თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი,

6

თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი,

7

თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი,

8

თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.

9

და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები.

10

და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა.

11

და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა

12

და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

13

და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან?

14

და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა.

15

ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის.

16

არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე,

17

რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.

12345678910111213141516171819202122