იოანეს გამოცხადება, თავი 5
და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, ხმამაღლა რომ ღაღადებდა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას?
ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა.
და მე დიდხანს ვტიროდი, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: ნუ სტირი; აჰა, იმძლავრა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რომელიც გადაშლის ამ წიგნს და შვიდ ბეჭედს ახსნის მას.
გავიხედე და, აჰა, ტახტსა, ოთხ ცხოველსა და უხუცესთა შორის მდგომარე კრავი, როგორც დაკლული, შვიდრქიანი და შვიდთვალიანი, რომელნიც არიან შვიდი სული ღვთისა, მთელს დედამიწაზე მოვლინებულნი.
მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი.
და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.
გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.
ხოლო ოთხი ცხოველი ამბობდა: ამინ! ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.
და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა.
და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა?
და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა.
და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.
და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.
და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა.
და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.
და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა,
და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.
და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი,
რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა, და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა.
და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ! და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.