იოანეს გამოცხადება, თავი 16
და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა თითქოს მკვდრის სისხლად, და ყოველი სულდგმული ამოწყდა ზღვაში.
მესამემ მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე დასთხია თავისი თასი, და წყალი სისხლად იქცა.
მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე.
რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან.
და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
მეოთხე ანგელოზმა თავისი თასი დასთხია მზეზე, და მიეცა მზეს კაცთა დაბუგვა ცეცხლით.
დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.
და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.
მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით.
და ვიხილე ურჩხულის პირით, მხეცის პირით და ცრუ წინასწარმეტყველთა პირით გამომავალი სამი უწმინდური სული, გომბეშოს მსგავსი.
ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.
აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.
და შეკრიბეს ისინი იმ ადგილას, რომელსაც ებრაულად ჰქვია ჰარმაგედონი.
მეშვიდე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ჰაერში და მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა.
და იქმნა ელვა და ქუხილი, გრგვინვა და დიდი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც კაცნი არიან ქვეყნად.
სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.
ყველა კუნძული გაუჩინარდა და აღარსად ჩანდნენ მთები.
ტალანტის ოდენა სეტყვა თავს დაატყდა ზეციდან ხალხს, და ჰგმო სეტყვით მოწყლულმა ხალხმა სახელი ღვთისა, რადგანაც მძიმე იყო მისი წყლულება.
და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად.
და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე.
რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.
და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი.
და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან
და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.
და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.
და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.
რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.
აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.
და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრეთ დიდი.
და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ.
და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.
და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.