ლოცვანი
აპლიკაცია

იოანეს გამოცხადება, თავი 22

1

და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.

2

მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.

3

აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.

4

იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.

5

ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.

6

და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე.

7

აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.

8

მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.

9

მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.

10

კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი.

11

უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს.

12

აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.

13

მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.

14

ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში.

15

ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.

16

მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.

17

სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.

18

ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში.

19

ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში.

20

ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!

21

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

1

და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.

2

შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.

3

და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას.

4

და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.

5

და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.

6

და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე.

7

და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.

8

და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.

9

და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც.

10

და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.

11

უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ.

12

და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს.

13

მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.

14

ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად.

15

გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ.

16

მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ.

17

და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.

18

ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.

19

და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.

20

იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!

21

მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.

12345678910111213141516171819202122