იოანეს გამოცხადება, თავი 15
და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
შემდგომ ამისა გავიხედე, და, აჰა, გამოჩნდა ტაძარი მოწმობის კარვისა ცაში.
გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, რომლებსაც ჰქონდათ წყლულება შვიდი, სელის წმიდა და ბრწყინვალე სამოსით მოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლით შემოგარსულნი.
ოთხ ცხოველთაგან ერთ-ერთმა შვიდ ანგელოზს მისცა ოქროს შვიდი თასი, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღვთის რისხვით აღვსილი.
და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი.
და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულისწყრომაჲ ღმრთისაჲ.
და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.
და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა.
და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ.
და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.