ლოცვანი
აპლიკაცია

იოანეს გამოცხადება, თავი 12

1

და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე.

2

მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული.

3

სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი.

4

კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი.

5

და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე.

6

ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე.

7

და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.

8

მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.

9

და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

10

მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით.

11

იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

12

მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი.

13

და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.

14

მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე.

15

მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს.

16

მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან.

17

მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.

1

და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ,

2

და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.

3

და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი.

4

და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი.

5

და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა.

6

და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე.

7

და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ.

8

და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.

9

და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს.

10

და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.

11

და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე.

12

ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.

13

და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.

14

და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.

15

და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან.

16

და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით.

17

და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.

12345678910111213141516171819202122