ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 7
მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული.
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით!
შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო.
ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სიძესა: რასა ჰხედავთ, სულამიტელნო? შორის მომავალი, ვითარცა მწყობრი ბანაკთა.
რაჲსა განშუენდეს კუალნი შენნი საჴამლობითა, ასულო ამინადიბისო? ნაწევრებულებაჲ წვივთა შენთაჲ, მსგავსი მელევანდისაჲ, ნაქმარ ჴელოვნისა.
უპე შენი - ტაკუკ წახნაგებულ, არამოკლებულ ზავებულისაგან; მუცელი შენი - ხუავი იფქლისაჲ, მოკრძალული შროშნითა;
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი მარჩბივნი თიკანნი ქურციკისანი;
კისერი შენი, ვითარცა გოდოლი პილოსძუალისაჲ; თუალნი შენნი, ვითარცა ტბანი ესებონისანი, ცხჳრნი შენნი, ვითარცა გოდოლი ლიბანისაჲ პირისპირ დამასკისა;
თავი შენი შენ ზედა, ვითარცა კარმელი და ნათხზენი თავისა შენისა, ვითარცა პორფირი, მეფე შეკრული თანაწარმვლელთა შორის.
სიდიდე შენი ემსგავსა ფინიკსა და ძუძუნი შენნი ტევანთა.
რაბამ განშუენდი და რაბამ დასტკბა სიყუარული შუებათა შენთა?!
და ვთქუ: აღვიდე ფინიკსა და ვიპყრა სიმაღლე მისი. და იყვნენ ძუძუნი შენნი, ვითარცა ტევანნი ვენაჴისანი, და ორთქლი ცხჳრთა შენთა, ვითარცა ვაშლი,
სასა შენი, ვითარცა ღჳნო კეთილი. მომვლელი ძმისწულისა მიერ ჩემისა სიწრფოებად, კმასაყოფელად ბაგეთა ჩემთა და კბილთა.
მე ძმისწულისა ჩემისა და ჩემდა მომართ მოქცევაჲ მისი.
მოვედ, საყუარელო ჩემო, განვიდეთ აგარაკად, ვიქცეოდეთ დაბათა შინა;
ვიმსთოთ ვენაჴთა შინა, ვიხილოთ, უკუეთუ აღყვავნა ვენაჴი, უკუეთუ აღყუავნა ბუტკოვნებაჲ, უკუეთუ აღყუავნეს ბროწეულნი. მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ.
მანდრაგორთა შენთა გამოსცეს სულნელებაჲ და კართა ზედა ჩუენთა შენნი მწუერვალნი ხეთანი, ახალნი ძუელთა თანა, რომელი მომცა დედამან ჩემმან, ძმისწულო ჩემო, დაგიმარხო შენ.