ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 1
ქებათა ქება სოლომონისა.
მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.
ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.
ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის.
ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების ებრაელებ სირ ასირინ.
სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა,
და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ,
მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს, რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ,
სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.
ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ.
სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა?
სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა.
კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო.
ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული.
ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა.
ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა: ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი.
შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ.
ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა.
სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან.
სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი.
მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი.