ლოცვანი
აპლიკაცია

ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 5

1

ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!

2

მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა.

3

გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?

4

ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.

5

ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.

6

გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა.

7

შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.

8

გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.

9

რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?

10

თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.

11

თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.

12

თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.

13

ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი.

14

ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი.

15

წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი.

16

მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!

1

შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.

2

მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.

3

სძალი იტყჳს: განვიძარცუე სამოსელი ჩემი, ვითარმე შევიმოსო იგი? დავიბანენ ფერჴნი ჩემნი, ვითარმე შევაგინნე იგინი?

4

ძმისწულმან ჩემმან მოყო ჴელი მისი სარკუმლით გამო და მუცელი ჩემი აღიძრა მის ზედა.

5

აღვდეგ მე განღებად კარისა ძმისწულისა ჩემისა, ჴელთა ჩემთა დასწუთა მური, თითთა ჩემთა მური სავსედ კართა ზედა საჴშველისათა.

6

განუღე მე ძმისწულსა ჩემსა, ძმისწული ჩემი წარვიდა და სული ჩემი განვიდა სიტყუასა მისსა თანა. ვეძიებდ მას და არა ვპოვე იგი, უჴმობდ მას და არა ჴმა-მცა.

7

მპოვეს მე მჴუმელთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა, მცეს და მწყლეს მე და განმძარცუეს სამოსელი ჩემი მცველთა ზღუდისათა.

8

გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.

9

ასულთა იერუსალიმისათა და მცველთა ზღუდისათა ჰკითხეს სძალსა: რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, შუენიერო დედათა შორის? რაჲ არს ძმისწული შენი ძმისწულისაგან, რამეთუ ეგრეთ გუაფუცებ ჩუენ?

10

სძალმან წამ-უყო ძმისწულისათჳს, ვითარ-რაჲ იყო და ეტყჳს: დისწული ჩემი მწყაზარ და მწითურ, გამორჩეულ შობითგან ბევრეულთაგან;

11

თავი მისი - ოქროჲსა ოფაზისაჲ, თხზული თმათა მისთაჲ, ვითარცა ჭედილი, შავ, ვითარცა ყორანი;

12

თუალნი მისნი, ვითარცა ტრედისანი, სავსებასა ზედა წყალთასა განბანილნი სძითა, მჯდომარე სავსებასა ზედა წყალთასა;

13

ღაწუნი მისნი, ვითარცა ფიალნი ნელსაცხებელთანი, ფშჳან სულნელებასა ნელსაცხებელთმგბოლველთასა, ბაგენი მისნი - შროშან და მომწთოლვარე მურითა სავსედ.

14

ჴელნი მისნი - ოქროჲსანი, წახნაგებულ, აღვსებულ თარშითა, მუცელი მისი, ვითარცა ფიცარი პილოჲსძუალისაჲ, თუალსა ზედა საფიროვნსა;

15

წჳვნი მისნი - სუეტნი მარმარილოსანი, დაფუძნებულნი ხარისხსა ზედა ოქროჲსასა; ხილვაჲ მისი, ვითარცა ლიბანი რჩეული და ვითარცა ნაძუნი;

16

ჴორჴი მისი - სიტკბოებაჲ და ყოვლად საწადელ. ესე არს ძმისწული ჩემი და ესე არს მახლობელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისანო.

12345678