ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 3
ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?
ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო.
ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.
სარეცელთა ჩემთა ზედა ღამე ვეძიებდ, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან, ვეძიებდ მას, და არა ვპოვე იგი. ვხადოდე მას, და არა ჴმა-მცა მე.
აღვდეგ და მოვლენ ქალაქნი, უბანნი და ურაკპარაკნი და ვეძიებდ, რომელმან შეიყუარა სული ჩემი, ვეძიებდი და არა ვპოე.
მპოვეს მე მცველთა, რომელნი მოჰვლიდეს ქალაქსა. სიძე ეტყჳს მცველთა ქალაქისათა: ნუუკუე იხილეთა, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან?
ვითარცა კნინ წარვლე მათგან, ვპოვე, რომელი შეიყუარა სულმან ჩემმან. პოვა სიძემან და ეტყჳს სძალსა: შევიპყარ იგი და არა განუტევე იგი, ვიდრემდის შევიყვანე იგი სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მშობელისა ჩემისათა.
ქალწულთა აფუცა მეორედ სძალმან და ეტყჳს: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, და უკუეთუ აღადგინოთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ინებოს.
სიძე იტყჳს სძლისათჳს: ვინ არს, რომელი აღმოვალს უდაბნოთ, ვითარცა რტოჲ, კუამლი საკუმეველისა, მური და გუნდრუკი ყოველთაგან მტუერთა მენელსაცხებლეთასა?
ასულნი იტყჳან: ესერა, აჰა, ესერა, ცხედარი სოლომონისი და სამეოცნი ძლიერნი გარემოს მისსა ძლიერთაგან ისრაჱლისათა.
ყოველთა უპყრიეს მახჳლნი, წურთილნი ბრძოლასა. კაცი და მახჳლი მისი წელთა მისთა შიშისათჳს და განკრთომისა ღამესა შინა.
გავალაკი იქმნა მეფემან სოლომონ ძელთაგან ლიბანისათა.
სუეტნი შექმნნა ვეცხლისანი და კამარა მისი დრეკილი ოქროჲსა, აღსავალი მისი - პორფირი, იატაკი მისი - ქვაფენილ, სიყუარული ასულთაგან იერუსალიმისათა.
განვედით და იხილეთ, ასულნო სიონისანო, მეფე სოლომონ გჳრგჳნითა მით, რომლითა გჳრგჳნოსან-ყო იგი დედამან მისმან დღესა მას სიძობისა მისისასა და დღესა სიხარულისა გულისა მისისასა.