ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 4
აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.
შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.
შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი.
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.
ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!
წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!
რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.
შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,
ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.
აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი!
სიძე იტყჳს სძლისა მიმართ: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო; აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ. თუალნი შენნი ტრედ არიან გარეშე დუმილისა მაგის შენისა. თმა შენი - ვითარცა არვე თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით,
კბილნი შენნი - ვითარცა არვე მორისულთაჲ, რომელნი აღმოჴდეს საბანელით, ყოველნივე ორთმსხმელნი და ბერწი არა არს მათ შორის.
ვითარცა საბელი ძოწემული, ბაგენი შენნი და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისა, საკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა;
ვითარცა გოდოლი დავითისი - ქედი შენი, რომელი-იგი აღშენებულ არს თალპიოდს, ათასი ფარი დამოკიდებულ არს ზედა და ყოველი ისარი ძლიერთაჲ.
ორნი ძუძუნი შენნი, ვითარცა ორნი თიკანნი მარჩბივნი ქურციკისანი, რომელნი ძოვედ შორის შროშანთა.
ვიდრე დღისა შერიჟუებადმდე და აჩრდილთა შეძრვად მე თჳთ მივიდე მთასა მურისასა და ბორცუსა გუნდრუკისასა.
ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა.
მოვედ, სძალო, ლიბანით, მოვედ ლიბანით. მოხჳდე და წარმოჰვლო დასაბამით სარწმუნოებისათ თხემსა ზედა სანარისა და ერმონისასა საყოფელთაგან ლომთასა და მთათაგან ვეფხთასა.
გუასურვე ჩუენ, დაო ჩუენო, სძალო, გული. გუალმე ჩუენ ერთითა თუალთა შენთათა და ერთითა მძივითა ყელისა შენისათა.
რაბამ განშუენდეს ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, დაო ჩემო, სძალო. რავდენ განშუენდეს ძუძუნი შენნი ღჳნისაგან და სული მიჰრონთა შენთა უფროს ყოველთა ნელსაცხებელთა.
თაფლი დამოსწუთის ბაგეთა შენთა, სძალო, თაფლი და სძე ქუეშე ენასა შენსა და სულნელებაჲ სამოსელთა შენთა, ვითარცა სულნელებაჲ ლიბანისა.
მტილი მოკრძალულ არს დაჲ ჩემი, სძალი, მტილი დაჴშული და წყაროჲ დაბეჭდული.
მოციქულებანი შენნი - სამოთხე ბროწეულთა ნაყოფისა თანა ხეთა ხილნარისასა, კჳპარი ნარდიონითურთ.
ნარდიონი და ქურქუმაჲ, საკუმეველი, ლერწმისა და კინამოჲ, ყოველთა თანა ხეთა ლიბანისათა, მური და ალოჲ ყოველთა თანა პირველთა ნელსაცხებელთა.
წყაროჲ, მტილი და ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მსწრაფლგამომავალისა ლიბანით.
სძალი იტყჳს: აღდეგ, ჩრდილოო, და მოვედ, ბღუარო, მოჰბერე მტილსა ჩემსა და დიოდენ ნელსაცხებელნი ჩემნი. სძალი ევედრების სიძესა და ეტყჳს: შთაჴედინ ძმისწული ჩემი მტილსა თჳსსა და ჭამენ ხილნარი ნაყოფთა თჳსთა.