ლოცვანი
აპლიკაცია

ნეემია, თავი 13

1

იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.

2

ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია.

3

ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს.

4

ამის წინ ელიაშიბ მღვდელმა, ტობიას ახლობელმა, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახში რომ ცხოვრობდა,

5

ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.

6

ამ დროს იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ართახშასთას, ბაბილონის მეფის, ოცდამეთორმეტე წელს, მეფეს ვეახელი; ხანი რომ გამოხდა დავეთხოვე მეფეს.

7

დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით.

8

ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.

9

ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი.

10

გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.

11

ვედავე წინამძღვრებს და ვუთხარი: რატომ არის მიტოვებული ღვთის სახლი? შევკრიბე ისინი და თავ-თავის ადგილებზე დავაყენე.

12

მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.

13

საგანძურები ჩავაბარე შელემია მღვდელს, ცადოკ მწიგნობარს და ფედაია ლევიანს. მათთან ერთად ხანანს, მათანია ზაქურის ძის ძეს, რადგან ისინი ცნობილი იყვნენ ერთგულებით. მათ დაეკისრათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.

14

ამის გულისათვის გამიხსენე, ჩემო ღმერთო, და ნუ წარხოცავ იმ ჩემს ძველ საქმეებს, რაც ღვთის სახლისთვის და მისი სამსახურისთვის გამიკეთებია.

15

იმ ხანად შევნიშნე, რომ იუდაში შაბათობით საწნახლებში ღვინოს წურავენ, ძნებს ზიდავენ, სახედრებს ჰკიდებენ ღვინოს, ყურძენს, ლეღვს, ყველანაირ საპალნეს, და შაბათ დღეს იერუსალიმში მიაქვთ. მე გავაფრთხილე ისინი იმ დღეს, როცა საჭმელ-სასმელს ყიდდნენ.

16

იერუსალიმშივე ცხოვრობდნენ ტვიროსელნი. მათ შაბათობით მოჰქონდათ თევზი, ყველა სხვა გასასყიდი საქონელი და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებს ასყიდებდნენ.

17

გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს?

18

განა ასე არ იქცეოდა თქვენი მამა-პაპა, განა ამის გამო არ იყო, რომ ჩვენმა ღმერთმა ასეთი უბედურება მოავლინა ჩვენზე და ამ ქალაქზე? თქვენ კი შაბათის წაბილწვით უმატებთ ღვთის რისხვას ისრაელზე!

19

შაბათის წინა საღამოს, როგორც კი იერუსალიმის კარიბჭეებთან ჩამობნელდა, ვუთხარი და ჩაკეტეს კარები; განკარგულება გავეცი, რომ შაბათის მომდევნო დილამდე არ გაეღოთ. ჩემი მსახურები დავაყენე კარიბჭეებთან, რომ შაბათ დღეს არანაირი ტვირთი არ შემოტანილიყო.

20

სოვდაგრებმა და ნაირ-ნაირი საქონლით მოვაჭრეებმა ერთი-ორჯერ იერუსალიმის გარეთ გაათიეს ღამე.

21

ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.

22

ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!

23

იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;

24

და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.

25

დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.

26

განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა.

27

სად გაგონილა ამდენი ბოროტების კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?

28

იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის, ძეთაგან ერთ-ერთი სანბალატ ხორონელის სიძე იყო; თავიდან მოვიშორე იგი.

29

ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს.

30

გავწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისგან; მღვდლებს და ლევიანებს სამსახური აღვუდგინე თავთავიანთ საქმეში.

31

ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.

1

დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსესი სასმენელთა მმართ ერისათა. და იყო მას შინა წერილ ესრეთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა.

2

რამეთუ არა მიეგებოდეს ძეთა ისრაჱლისათა პნრითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, რათამცა წყევნა იგინი, გარდააქცია ღმერთმან წყევა იგი კურთხევად.

3

და იყო, რაჟამს ესმა სჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყუნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყუნეს ისრაჱლთა.

4

და უწინარესსა მისსა ელიასუბ მღდელმან საფასესა სახლისა უფლისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას.

5

და იშენა მუნ სახლი თავისა თჳსისა, საფასე დიდი და მუნ იყო. და პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭელსა სიწმიდისათა, და ათეულსა იფქლსა, და ღჳნისასა, და ზეთისასა, და ერბოსასა, და როჭიკსა ლევიტელთა, და შემასხმელთა, და მეკარეთა და მღდელთმოძღუართა

6

ვიდრე ესე ყოველი იყო, მე არა ვიყავ იერუსალჱმსა, რამეთუ წელსა მეათცამეტესა და მეორესა არტაშესსა მეფისა ბაბილოვანთასა შევედ წინაშე მეფისა, ხოლო შემდგომად მრავალთა დღეთა ვითხოე მეფისაგან.

7

რამეთუ შთავედი იერუსალჱმდ და გულისხმა-ვყავ ყოველი ბოროტი, რომელიცა ყო ელიასი ტობიასათჳს, რამეთუ მისცა მას აღშენებად სახლი საფასეთა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა.

8

ხოლო ბოროტად შემერაცხა წინაშე ჩემსა ფრიად და გარეგანვაგდე ყოველი ჭურჭელი ტობიასი სახლისაგან საფასისა უფლისათა.

9

და ვბრძანე, რათა განწმიდონ სახლი საფასეთა, და მოვაქციე მუნითგანვე ჭურჭელნი და სამსახურებელნი სახლსა უფლისასა ყოველივე და ლიბანონი.

10

რამეთუ გულისხმა-ვყავ და ზედამიწევნულ ვიქმენ, რამეთუ ნაწილნი ლევიტელთა არა მიეცა და იგინი წარსრულ იყუნენ აგარაკთა თჳსთა, ხოლო ლევიტელნი და შემასხმელნი იქმოდიან საქმეთა მუშაკობისათა,

11

რამეთუ ვაბრალებდი მთავართა და ვეტყოდი: რასათჳს მოაკლდენ როჭიკნი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბე ყოველნი მსახურნი და დავაწესე იგინი ადგილსა მათსა.

12

და ყოველნი ჰურიანი მოიტანდეს ათეულთა იფქლისათა და ღჳნისასა. და ზეთისასა საფასესა სახლსა უფლისასა.

13

და უბრძანე მიცემად ჴელთა ელიმა მღდელისა და სადუკა მწერალისასა და ფადიასა, რომელ იყო ლევიტელთაგან, და ჴელთა მათსა ანან, ძე ზაქარისა, ძე მათანისა, მით, რამეთუ სარწმუნონი იყუნეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდენ ძმათა მათთასა.

14

მომიჴსენოს მე ღმერთმან მის ყოვლისათჳს და არა განმაშოროს მისი ჩემგან, რომლისათჳს ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაჱლისა.

15

მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა

16

რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა,

17

რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა?

18

არა ესრეთ ჰყვესა მამათა თქუენთა და მოაწიაცა მათა ზედა ღმერთმან ბოროტნი ესე ყოველნი და ქალაქსა ამას ზედა? ხოლო თქუენ რაჲსათჳს მოაწევთ რისხვასა ისრაჱლთა ზედა და შეურაცხ-ყოფთ დღესა წმიდასა შაბათთასა?

19

იყო ოდეს აღვმართენ ბჭენი იერუსალჱმისანი, პირველ შაბათისა ვბრძანებდ დაჴშვად ბჭეთა და არა უტევებდი გაღებად მათა, ვიდრე გარდაჴდებოდა შაბათი. და კუალად დავადგინე ჭაბუკნი მცველად, რათა არავინ იკადროს შესლვად მძლავრობით დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალჱმისათა.

20

და დაადგრიან ყოველნი, რომელნი გაჰყიდდენ გარეშე იერუსალჱმისა, ერთგზის და ორგზის.

21

და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას.

22

და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა.

23

და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი.

24

და ძენი მათნი რომელნიმე დედათა ეტყოდენ აზოტელებრ და არა იცოდენ მეტყველებაჲ ებრაელებრ.

25

დავაბრკოლებდი მათ და დავსწყევდი მათ, და დავეც მათგანნი კაცნი მრავალნი და ვაფუცე მათ სახელი ღმრთისა, რათა არა მისცენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა ასულნი მათნი მოიყვანონ ძეთა მათთათჳს და ვარქუ მათ:

26

არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა

27

და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი.

28

და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან.

29

მოიჴსენოს იგინი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქმისა მღდელობისა მისისასა.

30

და ლევიტელნი განვწმიდენ ყოველთა უცხოთესლთაგან, განკარგვით განვაწესენ იგინი დღითი დღე, მღდელნი და ლევიტელნი, კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთა.

31

და მივეც განკარგულთა მოღებად ყოველი შეშა დასაწველთა თჳთეულთა ჟამთასა და პირველთა ნაყოფთა მათთასა მომიჴსენოს. მე ღმერთმან ჩუენმან ყოველსა კეთილსა სიმართლისა ჩემისასა, კურთხეულ არს იგი, რომელი არს უკუნისამდე ამინ.

12345678910111213