მეოთხე მეფეთა, თავი 6
უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ.
იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით.
თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით.
და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.
ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!
თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა.
თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.
შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.
გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?
თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე ოთახში ლაპარაკობ.
თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო.
გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება?
უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე.
როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო, დავხოცო, მამაო?
უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.
გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.
დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.
გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!
უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?
ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო.
მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.
როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.
თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.
ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!
ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან.
და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა.
მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით!
და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა თანა. და მან თქუა: მივიდე.
და წარვიდა მათ თანა და მივიდა იორდანედ და კაფდეს ძელთა.
და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოაკვეთდა მოსელსა, წარვარდა რკინა ტარსა და შთავარდა წყალსა მას და ღაღად-ყო კაცმან და თქუა: შემიწყალე, უფალო, რამეთუ იგიცა ნათხოვ იყო.
და ჰრქუა კაცმან ღმრთისამან, სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა მას ადგილი იგი, მოსტეხა რტო ერთი ელისე და შთააგდო მუნთქვეს ოდენ და ღმოჩნდა რკინა იგი.
და ჰრქუა ელისე: მიჰყავ და მოიღე თავით შენით და მიჰყო ჴელი თჳსი და მოიღო იგი.
და მეფე ასურასტანისა გამოვიდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო მონათა თჳსთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა ფელმონს დავიდარანოთ.
და მიავლინა ელისე მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: ეკრძალე, ნუუკუე მიხჳდოდით მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი იგი დადარანებულ არიან.
და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას მსტოვარნი, რომელსა ჰრქუა მას ელისე მოხილვად მათდა და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთგზის და არცა ორგზის.
და განრისხნა გული მეფისა ასურთასა სიტყჳსა მისთჳს და მოუწოდა მონათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მითხარითღა მე, ვინმე მამხილა მეფისა მის თანა ისრაჱლისა?
და თქუა ვინმე ერთმან მონათა მისთაგანმან: არა ვინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ ელისე წინაწარმეტყუელი ისრაჱლისა უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა სიტყუათა შენთა, რომელთა იტყჳ სენაკთა, ანუ სასვენებელთა ზედა შენთა.
და თქვა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოს იგი და მივავლინო და შევიპყრა იგი. და უთხრეს მას და ჰრქვეს: აჰა, ეგერა, დოთაიმს არს.
და წარავლინა მუნ მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი.
და აღიმსთო მსახურმან ელისესმან და, აჰა, ერი ძლიერი მოახლებულ იყო გარემო ქალაქსა მას, ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან: უფალო, რამე ვყოთ?
და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა.
და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა.
და გარდამოჴდეს მისსა და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა: გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი უფალმან სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა.
და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე გზა არს და არცა ესე ქალაქი, მომდევდით მე და მიგიყვანნე თქუენ კაცისა მის, რომელსა ეძიებთ. და მიიყვანნა იგინი სამარიად.
და იყო, ვითარცა შევიდეს სამარიად. თქუა ელისე: აღახუნენ, უფალო, თუალნი ამათნი და ხედვიდენ. და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს. და, აჰა, იყუნეს შორის სამარიასა.
ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოსრნე იგინი, მამაო.
და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და წარვიდენ უფლისა თჳსისა.
და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა.
და იყო ამისა შემდგომად და კრება-ყო ძემან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან, ყოვლისა მის ბანაკისა თჳსისა, მოვიდა და მოიცვა სამარია.
და იყო სიყმილი დიდი სამარიას და დასხდეს მის გარემო, ვიდრემდე ეპოებოდა თავი ვირისა ერგასის სასწორის ვეცხლისა და ოთხი კაბიწი და ნაედომი ტრედისა ხუთის სასწორისა ვეცხლისა.
და მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას და დედაკაცი ერთი ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო მეფე.
და ჰრქუა მას მეფემან: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინა გიჴსნეს შენ კალოსაგან ანუ საწნეხელისა?
და ჰრქვა მას მეფემან: რა არს შენდა, დედაკაცო? მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე.
და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი.
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუა იგი მის დედაკაცისა, დაიპო სამოსელი თჳსი და იგი იქცეოდა ზედა ზღუდესა მას. და იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ ძაძა ემოსა შიშველთა ჴორცთა მისთა.
და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე და ესე შემძინენ, უკუეთუ დგესღა თავი ელისესი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს.
და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა და მოხუცებულნი იგი სხდეს მის თანა. და წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნილ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა ელისე მოხუცებულთა მათ: იცითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მოსისხლისამან მოკუეთად თავისა ჩემისა და ვითარცა შემოვიდოდის მოციქული იგი, დაიპყართ კართა, რამეთუ, აჰა, ეგერა, ბგერა ფერჴთა უფლისა მისისათა შემდგომად მისა.
და ვიდრე იგი ეტყოდა მათ და მოციქული იგი მეფისა მო-ხოლო-იწია მათა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ძჳრი უფლისა მიერ არს, რასაღა ვევედრებოდი უფალსა?