ლოცვანი
აპლიკაცია

მეოთხე მეფეთა, თავი 22

1

რვა წლისა იყო იოშია, როცა გამეფდა, და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათადან.

2

სწორად იქცეოდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ.

3

მეფე იოშიას მეთვრამეტე წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიას ძე და დააბარა:

4

ადი ხილკიასთან, მღვდელმთავართან და შეაგროვებინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან;

5

ხელში ჩააბარონ სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი; ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად -

6

დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს, იყიდონ ხე და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად.

7

ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან.

8

უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან.

9

მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. უთხრა: გადმოყარეს შენმა მორჩილებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი.

10

ამცნო შაფან მწერალმა მეფეს: წიგნი მომცა ხილკია მღვდელმა. და წაუკითხა შაფანმა მეფეს.

11

როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი.

12

უბრძანა მეფემ ხილკია მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაქბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას, მეფის მორჩილს:

13

წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგზნო ჩვენს მიმართ, რადგან არ ისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს რაც მათთვის იყო დაწერილი.

14

მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.

15

უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ.

16

ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას მოვუვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა, იუდას მეფეს რომ წაუკითხავს.

17

რაკი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ დაცხრება.

18

იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შეისმინე ეს სიტყვები,

19

რაკი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, ბრძანებს უფალი.

20

ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს. მიუტანეს მეფეს ამბავი.

1

ძე რვა წლისა იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - იედია, ასული იედიასი, ბასუროთით.

2

და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია მარჯულ, არცა მარცხლ.

3

და იყო, წელსა მეთურამეტესა მეფობასა იოსიასასა, მეფისა იუდასასა, თვესა მეშჳდესა მიავლინა მეფემან საფან, ძე ესელისი, ძისა მესოლამისი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისა და ჰრქვა:

4

აღვედ შენ ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და გამოადნვეთ ვეცხლი იგი, რომელი შეწირა სახლსა უფლისასა, რომელი დაკრიბეს მცველთა მათ კარისათა ერისაგან.

5

და მიეცით ჴელთა მოქმედთა მათ საქმისა ზედამდგომელთა სახლისა უფლისათა. და მათ მისცეს, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა განსაძლიერებლად ბედეკისა სახლისა უფლისასა,

6

ხუროთა და მშენებელთა და ჴელოვანთა მოღებად ძელი და ქვა კეთილი გასამტკიცებელად სართულისა მის სახლისა უფლისა.

7

და არა ურაცხდეს ვეცხლსა მას, რომელსა-იგი მისცემდეს მათ, რამეთუ სარწმუნოებით იქმოდეს მას.

8

და ჰრქუა ქელკია, მღდელმან დიდმან, საფანს მწიგნობარსა: წიგნი სჯულისა ვპოე სახლსა შინა უფლისასა. და მოსცა ქელკია საფანს წიგნი იგი და აღმოიკითხა.

9

და შეართვა მეფესა იოსიას და მიუთხრა სიტყუაცა იგი და თქუა: გამოადვნეს მონათა შენთა ვეცხლი იგი, რაოდენ იპოვა სახლსა შინა უფლისასა და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მათ ზედამდგომელთა სახლსა უფლისათა.

10

და უთხრა სათან მწიგნობარმან მეფესა წიგნისა მისთჳს და თქუა: წიგნი მომცა მე ქელკია მღდელმან და აღმოიკითხა იგი წინაშე მეფისა.

11

და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის წიგნისა შჯულისა, დაიპო სამოსელი თჳსი.

12

და უბრძანა მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აქაბორს, ძესა მიქეასასა, და საფანს მწიგნობარსა და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა:

13

მოვედით და გამოიძიეთ უფლისა ჩემთჳს და ერისა ჩემისათჳს და ყოვლისათჳს იუდასა სიტყჳსა ამისთჳს წიგნისა, რომელი იპოვა, რამეთუ დიდ არს რისხვა უფლისა აღგზებულ ჩუენ ზედა, რამეთუ არა ისმინნეს მამათა ჩუენთა სიტყუანი ამის წიგნისანი ყოფად ყოველთავე და წერილთა მათ შინა.

14

და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და აქაბორ და ასაია ოდან წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომისა, ძისა თეკუჱსისა, ძისა ასარასა, სამოსლისმმარხველისა და იგი მკჳდრ იყო იერუსალჱმს და მასენას შინა და უთხრეს მას ესე.

15

და მან ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდა:

16

ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან.

17

ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს.

18

ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან

19

ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა,-თქუა უფალმან,-

20

ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა.

12345678910111213141516171819202122232425