ლოცვანი
აპლიკაცია

მეოთხე მეფეთა, თავი 20

1

იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები.

2

კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს:

3

უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.

4

შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა.

5

გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში.

6

კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის.

7

თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.

8

უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?

9

თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?

10

თქვა ხიზკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!

11

შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.

12

ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.

13

მიიღო ისინი ხიზკიამ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა; ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიას.

14

მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.

15

თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიამ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.

16

უთხრა ესაიამ ხიზკიას: ისმინე უფლის სიტყვა:

17

აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.

18

წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.

19

უთხრა ხიზკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.

20

ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა. იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

21

განისვენა ხიზკიამ თავის მამა-პაპასთან. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.

1

მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძე ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისა, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

2

და მიიქცია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

3

ჵ, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდი წინაშე შენსა ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოებათა ვყოფდი წინაშე შენსა. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

4

და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა და იყო სიტყუაჲ უფლისა მისა და ჰრქუა:

5

მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისთჳს, მამისა შენისა: ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე სახლსა მას უფლისასა.

6

და შევძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა გიჴსნე შენ და ქალაქი ეგე. და ზედამდგომელ ვეყო ქალაქსა მაგას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

7

და ჰრქუა ესაია: მოიღეთ ზეთი და ლეღვი და შესაქმედ ეც კვერად და დაიდევ წყლულებასა მაგას და განიკურნო.

8

და ჰრქუა ეზეკია ესაიას: რამე სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე მე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

9

და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელცა თქუა: შთავლოს აჩრდილმან ათსა მენაკსა.

10

და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისა მის ათსა მენაკსა შთასლვა. არა ეგრე, არამედ უკუნიქეცინ მუნვე ათსა მენაკსა.

11

და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიმართ და უკუნიქცა აჩრდილი იგი ათს მასვე მენაკსა ვინცა და მოსრულ იყო ათითა მენაკითა.

12

მას ჟამსა მოავლინა მოროდაქბალადან, ძემან ბალადანისამან, მეფემან ბაბილონისამან, როატაკები და ძღუენნი ეზეკიასა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია.

13

და განიხარა ეზეკია მოსლვა იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლი ნაქოთისა, ვეცხლი და ოქრო და საკმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი, და რაცა იპოვა საფასესა მისსა, და არა იყო სახლსა მისსა, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისა.

14

და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი მეფისა მიმართ და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი ეგე, ანუ ვინ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა ბაბილონით.

15

და ჰრქუა: რა იხილეს სახლსა შენსა? და თქუა ეზეკია: ყოველი, რაცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს და არა იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

16

და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისა.

17

აჰა, დღენი მოვლენან და წარიღონ ყოველი, რაცა იყოს სახლსა შენსა, და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილოვნად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

18

და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანენ და ჰყუნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილონელთასა.

19

და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ, თქუა უფალმან. იყავნ მშჳდობა და ჭეშმარიტება დღეთა ჩუენთა.

20

და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიასთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისგარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები იგი, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

21

და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.

12345678910111213141516171819202122232425