მეოთხე მეფეთა, თავი 24
მის დროს გამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, და იყო იეჰოიაკიმი მისი მორჩილი სამ წელიწადს. მერე კვლავ განუდგა მას.
მიუსევდა ხოლმე მას უფალი ქალდეველთა, არამელთა მოაბელთა და ყამონიანთა ბრბოებს, შეუსევდა ხოლმე იუდას, რათა დაეღუპა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
უფლის ნებით ხდებოდა ეს იუდაში, რათა თავიდან მოეშორებინა იგი მენაშეს მიერ ჩადენილი ცოდვების გამო.
იმ უბრალოდ დაღვრილი სისხლის გამოც, რომლითაც აავსო იერუსალიმი, არ ინება უფალმა მისი პატიება.
იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
განისვენა იეჰოიაკიმმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე იეჰოიაქინი გამეფდა.
მეტად აღარ გამოსულა ეგვიპტის მეფე თავისი ქვეყნიდან, რადგან დაიპყრო ბაბილონის მეფემ ყველაფერი, რაც ეგვიპტელთა მეფეს ეკუთვნოდა - ეგვიპტის მდინარიდან მდინარე ევფრატამდე.
თვრამეტი წლის იყო იეჰოიაქინი, როცა გამეფდა, და სამი თვე იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ნეხუშთა, ელნათანის ასული, იერუსალიმიდან.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც მამამისი იქცეოდა.
ამ დროს დაიძრნენ ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოლაშქრეები იერუსალიმისკენ და შემოადგნენ ქალაქს.
მოადგა ბაბილონის მეფეც, ნაბუქოდონოსორი, ქალაქს, როცა მის მოლაშქრეებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი.
გავიდა იეჰოიაქინ იუდას მეფე ბაბილონის მეფესთან, გავიდნენ დედამისიც, მისი მორჩილნიც, დიდებულებიც, კარისკაცებიც, და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ მისი მეფობის მერვე წელს.
გაზიდა იქიდან უფლის სახლის მთელი საგანძური და მეფის სახლის საგანძური, დაამტვრია მთელი ოქროს ჭურჭელი, რომელიც გაკეთებული ჰქონდა სოლომონ ისრაელის მეფეს უფლის ტაძარში უფლის ბრძანებისამებრ.
აჰყარა მთელი იერუსალიმი, ყველა დიდებული, ყველა მამაცი მებრძოლი - ათი ათასი კაცი იყო აყრილი, ყველა ხელოსანი და მშენებელი, არავინ დარჩენილა ქვეყნის ერის გარდა.
გადაასახლა იეჰოიაქინი ბაბილონს; მეფის დედაც, მეფის ცოლებიც, მისი კარისკაცებიც, ქვეყნის თავკაცნი წაასხა იერუსალიმიდან ბაბილონში დასასახლებლად.
მეომრები - შვიდი ათასი კაცი, ხელოსნები და მშენებლები - ათასი კაცი, ყველა ვაჟკაცი, ომის შემძლე, წაასხა ბაბილონის მეფემ ბაბილონში დასასახლებლად.
მეფედ დასვა ბაბილონის მეფემ იეჰოიაქინის ნაცვლად მისი ბიძა, მათანია, და სახელად ციდკიაჰუ დაარქვა.
ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ, როცა გამეფდა, და თერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ხამიტალი, იერემიას ასული, ლიბნადან.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, ისევე როგორც იეჰოიაკიმი იქცეოდა.
მრისხანებდა უფალი იერუსალიმზე და იუდაზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა ისინი თავიდან. ხოლო ციდკიაჰუ განუდგა ბაბილონის მეფეს.
და დღეთა მისთა ოდენ აღმოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, მას ქუეყანასა და იყო მისა იოაკიმ მონა სამ წელ და მოიქცა და შეურაცხ-ყო იგი.
და მოუვლინა უფალმან მას მტევებარნი ქალდეველთანი და მტევებარნი ასურთანი და მოაბელნი და ძენი ამონისნი და გამოავლინნა იგინი იუდასა ზედა წარწყმედად მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲთა.
რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იუდასა ზედა განშორებად იგი პირისაგან მისისა ყოველთათჳს ცოდვათა მანასესთა, რაოდენი ქმნა.
სისხლთა მათთჳს უბრალოთა, რაჲ დასთხია და აღავსო იერუსალჱმი სისხლითა უბრალოთა, და არა ინება უფალმან ლხინებად მათა.
და ნეშტნი სიტყუათა იოაკიმისთანი და ყოველი, რაოდენი ქმნა, ანუ არა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა? და დაიძინა იოაკიმ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა მას ოზიასასა მამათა მისთა თანა.
და მეფობდა იოაკიმ, ძე მისი, მის წილ.
და არღარა შესძინა მერმე მეფემან ეგჳპტისამან გამოსლვად ქუეყანით მისით, რამეთუ დაიპყრა მეფემან ბაბილოვნისამან ჴევითგან ეგჳპტისათა ვიდრე მდინარედმდე ეფრატად ყოველი ქუეყანა, რაოდენი იყო მეფისა ეგჳპტისა.
ძე ათურამეტისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალიმს და სახელი დედისა მისისა - ანეესთან, ასული ელემათესი, იერუსალიმით.
და ქმნა იოაკიმ ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, რაოდენი ქმნეს მამათა მისთა.
მას ჟამსა შინა აღმოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვნისა, იერუსალიმად და იღუაწა ქალაქი იგი გარემოცვად.
და მოვიდა მეფე ბაბილოვნისა ქალაქად; მონანი იგი ნაბოქოდონოსორისნი გარემოადგეს მას.
და განვიდა იოაკიმ, მეფე იუდასი, მეფისა ბაბილოვნისა, იგი და დედა მისი და მთავარნი მისნი და მონანი მისნი და საჭურისნი მისნი. და განიყვანა იგი მეფემან ბაბილოვნისამან მერვესა წელსა მეფობისა მისისასა.
და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.
და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.
და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.
და ყოველი კაცი შემძლებელი, კაცი ძლიერი, რომელნი ჰყოფდეს ბრძოლასა შჳდი ათასი, ხურო და მჭედელი ოქროსა და ანთრაკისა შთამსმელი - ათასი კაცი და ყოველი ძალი ძლიერითა და მოქმედი ბრძოლისა, წარიყვანნა იგინი მეფემან ბაბილოვნისამან ბაბილონად.
მეფედ დაადგინნა მეფემან ბაბილოვანისამან მეთთანია, მამისძმა მისი მის წილ. დასდვა მას სახელი სედეკია.
ძე ოცდაერთისა წლისა იყო სედეკია მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, ვითარცა ქმნა იოაკიმ.
რამეთუ გულისწყრომა უფლისა იყო იერუსალიმსა ზედა და იუდასა ზედა, ვიდრე განსთხივნა იგინი პირისაგან მისისა და შეურაცხება ქმნა სედეკია მეფისა მიმართ ბაბილონისა.