ლოცვანი
აპლიკაცია

მეოთხე მეფეთა, თავი 10

1

სამოცდაათი შვილი ჰყავდა აქაბს სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და აქაბის გამზრდელებს; წერდა:

2

როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.

3

ჰოდა, ამოარჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.

4

დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?

5

შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: შენი მორჩილნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით; არავის გავამეფებთ. როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.

6

მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.

7

როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს - სამოცდაათი კაცი; კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს.

8

მივიდა მოციქული და მოახსენა: მოიტანეს უფლისწულთა თავები. თქვა: ორ გროვად დაჰყარეთ კარიბჭის შესასვლელთან.

9

დილით გამოვიდა, დადგა და მიმართა მთელს ხალხს: თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა?

10

ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს, აქაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.

11

ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი აქაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები; არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.

12

ადგა და წავიდა სამარიაში. მწყემსების ბინებთან მისულს, გზაზე

13

შეხვდა იეჰუს იუდას მეფის, ახაზიას ძმები და ჰკითხა: ვინა ხართ? მიუგეს: ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.

14

თქვა: ცოცხლად შეიპყარით. შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს, მწყემსთა ბინაში - ორმოცდაორი კაცი. ერთიც არ გადარჩენილა მათგან ცოცხალი.

15

წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.

16

უთხრა: წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი. და დასვეს ეტლზე.

17

მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა აქაბს სამარიაში; ისე რომ გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.

18

შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: ცუდად ემსახურებოდა აქაბი ბაალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს.

19

ახლა შემიყარეთ ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაალის თაყვანისმცემლები.

20

თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთ ბაალის დღესასწაული. და გამოაცხადეს.

21

დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში. და მოვიდა ბაალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. შევიდნენ ბაალის სახლში და პირთამდე გაივსო ბაალის სახლი.

22

უთხრა მეტანსაცმელეს იეჰუმ: გამოუტანე სამოსელი ბაალის ყველა მსახურს. მანაც გამოუტანა შესამოსელი.

23

შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაალის სახლში და უთხრა ბაალის მსახურებს: მიათვალ-მოათვალიერეთ, არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაალის მსახურები უნდა იყოთ აქ.

24

შეუდგნენ მსხვერპლშეწირვას და აღსავლენს. გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.

25

როცა დასრულდა აღსავლენი, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ. მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა, თავად კი ბაალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.

26

გამოიტანეს ბაალის სახლიდან ბაალის ქანდაკებები და დაწვეს.

27

დაამსხვრიეს ბაალის ქანდაკი, დაანგრიეს ბაალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე.

28

ასე გადააშენა იეჰუმ ბაალი ისრაელიდან.

29

ოღონდ იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებისთვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იყო.

30

უთხრა უფალმა იეჰუს: იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე აქაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.

31

მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს; არ დაუნებებია თავი იერობოამის ცოდვებისთვის, რითაც აცთუნა მან ისრაელი.

32

იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვარზე და წაართვა

33

იორდანედან მზის აღმოსავლეთით გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყარომერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი.

34

იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

35

განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს სამრიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა.

36

სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.

1

და იყუნეს აქაბისნი სამეოცდაათ ძე სამარიას. და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა და ჰრქუა:

2

ვითარცა მოიწიოს თქუენდა წიგნი ესე, და თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და საჭურველნი.

3

იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგან უფლისა თქუენისათა და დაამტკიცეთ ზედა საყდარსა მას მამისა თჳსისასა და სცეთ ბრძოლა სახლსა ზედა უფ- ლისა თქუენისასა.

4

და შეეშინა ფრიად-ფრიად და თქუეს: აჰა, ორნი იგი მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისა, და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ წინაშე მისა?

5

და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ ჩუენ და, რაცა გჳბრძანოთ ჩუენ, ვყოთ და არა ვინ დავიდგინოთ ჩუენ ზედა მეფე, არამედ, რა-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, ვყოთ.

6

და მიწერა მათ წიგნი მეორედ და თქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ და ბრძანებასა ჩემსა ისმენდეთ, მოკუეთენით თავნი ძეთა უფლისა მაგის თქუენისათანი, და მომართუთ ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელად, და ძენი მეფისანი იყუნეს სამეოცდაათნი. და ჴელმწიფენი ქალაქისანი ზრდიდეს მათ.

7

და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი, და მოსრნეს სამეოცდაათნივე, და შთაყარნეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღვანეს მას იეზრაელად.

8

და შევიდა მოციქული იგი და უთხრა მას: მოიხუნეს თავნი ძეთა მეფეთანი და ჰრქუა: დასცენით სამად ბორცუად გარეშე ბრჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე.

9

და იყო, განთიადსა მას გამოვიდა და დადგა ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ. აჰა, ესერა, მე აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა, მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აპფო ვინ მოსრნა?

10

და უწყოდეთ აწ, რამეთუ არა დავარდების სიტყუა უფლისა ქუეყანასა, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა მას ზედა აქაბისასა. და აღასრულა უფალმან, რასა-იგი იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიასთა.

11

და მოსრნა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი, და არა დაუტევა მას ნეშტი.

12

აღდგა და წარვიდა იუ სამარიად და ვიდრე-იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა,

13

პოვნა იუ ძმანი ოქოზიას, მეფისა იუდასნი, და ჰრქუა: ვისნი ხართ თქუენ? და თქუეს: ძმანი ოქოზიასნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა.

14

და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი! და შეიპყრნეს მათ და მოსრნეს იგინი ბეთაკადს - ორმეოცდაორნი კაცნი. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი.

15

და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბ, ძე რექაბისი, წინაშე თჳსსა და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა არს გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს. და ჰრქუა იუ: უკეთუ არს, მომეც მე ჴელი შენი. და მისცა ჴელი თჳსი, და აღისვა იგი თანა ეტლთა ზედა თჳსთა.

16

და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილე შურისძიება ჩემი უფლისათჳს. და აღსვა იგი ეტლთა ზედა თჳსთა.

17

და შევიდა სამარიად და მოსრნა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია.

18

და შეკრიბა იუ ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვმონო დიდად.

19

და აწ მომგუარენით მე ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი, და ყოველნი მონანი მისნი და ქურუმნი მისნი, და ერთიმცა კაცი ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი. და რომელ-იგი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო შეტყუილით, რათა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი.

20

და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი ბაალისა. და ქადაგი ჴმობდა.

21

და წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა მიმართ და მოკრბეს ყოველნი მონანი ბაალისნი, და არავინ დაშთა, რომელნი არა მოიწივნეს მუნ და შევიდეს სახლსა ბაალისასა, და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედ.

22

და ჰრქუა იუ მტარვალთა მათ: განსძარცვეთ სამოსელნი მონათა მათ ბაალისთა! და განსძარცვეს სამოსელნი მათნი.

23

და შევიდა იუ და იონადაბ, ძე რექაბისი, სახლსა მას ბაალისასა და ჰრქვა მონათა მათ ბაალისათა: გამოიძიეთ და იხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათა მათგანი უფლისათა, გარნა თქუენ ხოლომცა მონანი ეგე ბაალისნი.

24

და შევიდა იუ, რეცა თუ შეწირვად და კმევად საკუმეველთა. და იუ დაადგინნა რვაასი კაცი გარეშე და ჰრქუა მათ: კაცი რომელი განერეს კაცთა ამათგანი, რომელთა მე მიგცეთ ჴელთა თქუენთა, თავი მისი თავისა მისისა წილ იყოს.

25

და ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ და ჭურვილთა მათ: შევედით და მოსრენით იგინი და ერთიცამცა ნუ განერების მათგანი. და მოსრნეს იგინი მახჳლითა და არა ვინ დაშთა მათგანნი არცა ერთი და შევიდეს სახლსა მას ბაალისაასა.

26

და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისაგან ბაალისი და დაწვეს იგი.

27

და დაამჴუნეს ყოველნი იგი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს იგი ადგილ სასკორედ სარცხჳნელად მოდღენდელად დღემდე.

28

და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისგან.

29

ხოლო ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ დიაკეულთა მათგან ოქროსათა, რომელ იყუნეს ბეთელს და დაანს.

30

და ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ მჴნე იქმენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნება გულისა ჩემისა უყავ სახლსა მას აქაბისსა, ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა მას ისრაჱლისასა.

31

და იუ არა ეკრძალა სლვად სჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

32

მათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვა ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა და მოსრვიდა აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა.

33

იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო ყოველი იგი ქუეყანა გალაადისი და გაადისი და რუბენისი და მანასესი არუელითგან, რომელ არს კიდესა მის თანა ნაღვარევისასა არნონისსა, და გალაადი და ბასანი.

34

და ნეშტნი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაოდენი-რა ქმნა, ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედა მისი, რომელ მოსწყჳდა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

35

და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა, და დაფლეს იგი სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძე მისი, მის წილ.

36

და დღენი, რაოდენ მეფობდა იუ ზედა ისრაჱლსა, ორმეოცდარვა წელ სამარიასა.

12345678910111213141516171819202122232425