მეოთხე მეფეთა, თავი 19
როცა გაიგონა ეს ხიზკიამ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.
გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
უთხრეს: ასე ამბობს ხიზკია: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა რომ შემოთვალა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
მივიდნენ მეფე ხიზკიას მორჩილნი ესაიასთან.
უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავენ აშურის მეფის მსახურნი.
მოვუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისვე ქვეყანაში მახვილით დავცემ.
დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი.
თირჰაკაზე ქუშის მეფეზეც გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიას და დააბარა მათ:
ასე უთხარით ხიზკიას, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
აბა თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ღივას მეფე?
გამოართვა ხიზკიამ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა.
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო.
აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიას. ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.
აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: დაგცინის, გამასხრებს ქალწული ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა;
ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.
ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეებიო.
ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე, რომ წინარე დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, შეშინდნენ და სირცხვილში არიან; მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
ეს გქონდეს სასწაულად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს.
რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთ ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.
აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
და იყო, ვითარცა ესმა ეზეკიას მეფესა, დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძაჲ და შევიდა სახლსა მას უფლისასა.
და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.
და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.
ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.
და მივიდეს მონანი იგი ეზეკია მეფისანი ესაიასა.
და ჰრქვა მათ ესაია: ესრე არქუთ უფალსა მას თქუენსა: ესრე იტყჳს უფალი: ნუ გეშინინ პირისაგან სიტყუათა მათ, რომელ გესმეს, რომლითა მყუედრებდეს მე მონანი მეფისა მის ასურასტანისანი.
აჰა, მივავლინო მისა სული უკეთური და ესმეს ბავთი და მიიქცეს ქვეყანად თჳსა, და დავსცე იგი მახჳლითა ქუეყანასა თჳსსა.
და მიიქცა რაფსაკ და პოვა მეფე იგი ასურასტანისა, რამეთუ ჰბრძოდა ლობნასა და ესმა, ვითარმედ იტრა ლაქისით.
და მას ესმა თართაკ მეფისა მის ეთიოპელთასა და თქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, გამოსრულ არს ბრძოლად შენდა. და წარვიდა სოფლად თჳსა და მიავლინნა მოციქულნი ეზეკიასა და თქუა:
ესრეთ ეტყოდით ეზეკიას, მეფესა იუდასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი იგი შენი, რომელსა შენ ესავ, ვითარმედ არა მისცეს იერუსალჱმი ჴელთა მეფისა ასურასტანელთასა.
აჰა, შენ თჳთ გასმიეს ყოველი, რა ჰყვეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ყოველსა მას სოფლებსა, ვითარ წარტყუენნეს იგინი და აწ შენ განრინებასა ჰგონებ?
იჴსნნეს ნუ იგინი ღმერთთა მათ ნათესავთა, რომელნი-იგი განრყუნეს მამათა ჩუენთა გოიზანი და ქარანი და რაფათი და ძენი იგი ედომისნი კიდედმდე ზღჳსა.
სადა არს მეფე იგი ემათისი და მეფე არფათისი? და მეფე ქალაქისა მის სეფერუმისი ანადავა?
და მიიღო ეზეკია როარტაკი იგი ჴელთაგან მათ მოციქულთასა და წარიკითხა და შევიდა სახლსა მას უფლისასა და განმარტა იგი ეზეკია წინაშე უფლისა.
და ილოცვიდა ეზეკია წინაშე უფლისა და თქუა: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, რომელი ზი ქერობინთა, შენ მხოლო ხარ ღმერთი ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, შენ შექმენ ცა და ქუეყანა.
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე; აღიხუენ, უფალო, თუალნი შენნი და იხილენ და ისმინენ სიტყუანი იგი სენაქერიმისნი, რომელ მოავლინა ყუედრებად ღმრთისა ცხოველისა.
რამეთუ ნანდვილვე, უფალო, წარწყმიდნეს მეფეთა მათ ასურასტანისათა ნათესავნი იგი და ქუეყანა მათი.
და მისცნეს ღმერთნი მათნი ცეცხლსა, რამეთუ იყუნესვე არა ღმერთ, არამედ ქმნილნი ჴელთა კაცთანი, ძელისანი და ქვისანი, და წარწყმიდნეს იგინი.
და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელთაგან მისთა, რათა ცნან ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი მხოლო.
და მიავლინა ესაია, ძე ამოსისი, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: რომელ-ეგე ილოცე ჩემდა მომართ სენაქირიმის თანა, მეფისა ასურასტანელისა, ვისმინე.
ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა მისთჳს უფალი: შეურაცხ-გყო და განგბასრა შენ, ქალწულო, ასულო სიონისაო. თავი შეხარა შენ ზედა ასულმან იერუსალჱმისამან.
ვინ აგინე და შეურაცხ-ყავ, ანუ ვის ზედა აღიმაღლე ჴმაჲ შენი ყუედრებად და აღიხილენ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისა.
მოციქულთა შენთა მიერ აყუედრე უფალსა და სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა აღვჴედ სიმაღლესა მთათა მათ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძუთა, რჩეულ-რჩეული იგი ფიჭუთა, და მივიწიე დასასრულსა მაღნარისა მის კარმელისასა.
მე დავიცევ და ვსუ წყალი უცხოსი და განვაჴმნე და დავტკებნე ბრჭალითა ჩემითა ყოველნი შესაკრებელნი წყალთანი.
არამედ გასმიეს შორით ეგე, რომელ ვყავ დღეთა პირველთა, დავბადე ეგე და განვასრულე ეგე და იქმნეს წარსტყუენველად მბრძოლთა ქალაქთა ძნელოვანთა.
და რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს მას შინა, მოუძლურდეს ჴელითა და შეძრწუნდეს და ჰრცხუენა. და იქმნეს ვითარცა თივა ველისა და ვითარცა მწუანე თივისა ერდოსა და დასატკეპნელად წინაშე მიწევნულთა მაგის ზედა.
აწ ჯდომა შენი და გამოსლვა და შესულა შენი უწყი და გულისწყრომა შენი,
რომელ განრისხენ ჩემ ზედა და აღმღერება ეგე შენი მოიწია ყურთა ჩემთა და აწ განვაცვა ხრატუკი ცხჳრთა შენთა და დანდალი ყბასა შენსა და უკუნგაქციო შენ გზასა მას, რომელსაცა მოხუედ.
და შენდა ესე სასწაული იყავნ: ამას წელსა შეჭამო დაკრებილი შენი, და მეორესა წელსა შეჭამო გერი მისი, და მესამესა წელსა სთესოთ და მოიმკოთ და დანერგოთ ვენაჴები, და სჭამოთ ნაყოფისა მათისა.
და იყოს სახლსა მაგას იუდასსა და რომელ-იგი დაშთომილ იყოს, დაიბნეს ძირნი დამართ და გამოსცეს ნაყოფი.
რამეთუ ერუსალჱმით გამოჴდეს დაშთომილი და სიონით მთით განრინებული, შურმან უფლისა ძალთასამან ყოს ესე.
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი მეფისა მისთჳს ასურასტანელთასა: არა შევიდეს იგი ქალაქსა მაგას, არა შესტყორცნეს მაგას ისარნი და არა გარემოადგეს მაგას ფარებითა და არა მიაქციოს მაგასა ზედა მიწა.
გზასა, რომელსა მოვიდა, მასვე მიიქცეს და ქალაქსა მაგას არა შევიდეს, - თქუა უფალმან, -
და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.
და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.
და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.
და იყო, ვიდრე თაყუანის-სცემდა სახლსა მას ნერსაქისსა ღმერთთა თჳსთა, და ადრიმელექ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლითა. და იგინი მეოტად წარვიდეს ქუეყანად არარატისა და მეფობდა ასურდან, ძე მისი, მის წილ.