მესამე მეფეთა, თავი 9
როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი; მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება.
შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ გაგიწყდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომელი.
მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანსსცემთ მათ,
გავწყვეტ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და საიგავოდ და დასაცინად შეიქნება ისრაელი ხალხთა შორის.
ნანგრევად იქცევა ეს სახლი, და ყოველი ჩამვლელი გაოგნდება და დაუსტვენს, იტყვის: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?
იტყვიან: რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამა-პაპა, მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, თაყვანსსცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია მათ უფალმა ყველა ეს უბედურება.
ოცი წლის თავზე იყო, რომ დაასრულა სოლომონმა ორი სახლის - უფლის სახლისა და სამეფო სახლის შენება.
რადგან ხირამი, ტვიროსის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს და ოქროს მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა მისცა ხირამს ოცი ქალაქი გალილეის მხარეში.
წარვიდა ხირამი ტვიროსიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
თქვა: ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ძმაო? და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა და ასე ეწოდება დღემდე.
გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ქანქარი ოქრო.
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა. ამოხოცა მისი მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
ბაყალათი და თადმორი, ქვეყნის უდაბნოში,
სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი ჰქონდა სოლომონს, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა იერუსალიმში და ლიბანში, და მთელს თავის სახელმწიფოში.
ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზეველთაგან, ხივიელთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეეანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
ისრაელიანთაგან არავისთვის დაუკისრებია ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მორჩილებად, მეთაურებად და სარდლებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.
ხუთას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველთა უფროსებად, რომელნიც უძღოდნენ მომუშავე ხალხს.
ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას დავითმა. მაშინ ააშენა მან მილო.
წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი აღსავლენ სამადლობელ მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა; და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე დაასრულა სახლი.
ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში.
გაგზავნა ხირამმა ხომალდით სოლომონის მორჩილებთან თავისი მორჩილნი - ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი;
მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან ოთხას ოცი ქანქარი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.
და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნილებისა, რომელ ინება სოლომონ მიღებად,
და ვითარცა-იგი გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,
და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა, განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.
და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მას ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხენ.
და აღუმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდი, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუა: არ მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.
უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცე, თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსემ წინაშე თქუენსა, მიხჳდეთ და მონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,
აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუჱლ ყოველთა ერთა.
და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი, რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასმე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?
და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცეს მათ და მონეს მათ. ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).
და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი: ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.
და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაც ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეისა.
და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ და არა სთნდეს მას.
და თქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარი მოდღენდელად დღემდე.
მოართვა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი ოქროსა.
ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისანი, ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალჱმისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.
ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა, წარტყუენა გაზერი და მოწვა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისასა.
და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქვენა.
და ბალათი და დერმოთი, უდაბნო იგიცა და შენიცა,
ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყუნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა იერუსალჱმს, და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა.
ჰრიდა ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველისასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ეველისასა და ქანანელსა და იებოსელისასა და გერგესეველისასა, რომელნი არა იყუნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.
ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქვეყანა- სა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მოდღენდელად დღემდე.
და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყუნეს და მონა მისა და წინამღუარნი მისნი ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.
და ესე იყუნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რიმელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.
ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.
და შეწიროს სოლომონ სამგზის წელიწადსა მგურგულიადდასაწველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.
და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონგაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევლათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, და ქვეყანასა მას იდუმისასა.
წარავლინა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი მენავენი ჴელოვანნი ნავისმსახურნი ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.
და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართვეს მეფესა სოლომონს.