მესამე მეფეთა, თავი 2
მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს, სოლომონს:
მივდივარ მთელი ქვეყნის გზით, გამაგრდი და კაცი იყავი.
აღუსრულე ვალი უფალს, შენს ღმერთს: იარე მის გზაზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც სწერია მოსეს რჯულში, რომ ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს მიაბრუნებ.
რომ აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი სიტყვა: თუ შენი შვილები დაიცავენ ჩემს გზას და ივლიან ჩემს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით, არ დაგელევაო კაცი ისრაელის ტახტზე.
შენც იცი, რა გამიკეთა იოაბ ცერუიას ძემ, რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს - აბნერ ნერის ძეს და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა; ბრძოლის სისხლი მოიცხო სარტყელზე და ფეხსამოსზე.
ბრძნულად მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის ჭაღარას შავეთში.
ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს სუფრაზე, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას აბესალომს გავურბოდი.
აჰა, შენთან არის შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, ბახურიმიდან; ის იყო, რომ მწარედ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი. იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესახვედრად და მეც უფლის სახელით შევფიცე, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.
შენ ნუ გაამართლებ, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რომ სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.
განისვენა დავითმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
ხანი დავითის მეფობისა ისრაელზე იყო ორმოცი წელი, ხებრონში შვიდ წელს მეფობდა, იერუსალიმში - ოცდაცამეტ წელს.
დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და დიდად განმტკიცდა მისი მეფობა.
მივიდა ადონია, ხაგითის შვილი, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან. უთხრა ქალმა: სამშვიდობოდა ხარ მოსული? მიუგო: სამშვიდობოდ.
უთხრა: საქმე მაქვს შენთან: უთხრა: თქვი.
თქვა: შენ იცი, რომ ჩემი იყო მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი. მაგრამ წამივიდა მეფობა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.
ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ. მიუგო ქალმა: თქვი.
თქვა: უთხარი სოლომონ მეფეს, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს აბიშაგ შუნამელი.
თქვა ბათშებაყმა: კარგი, დაველაპარაკები შენზე მეფეს.
მივიდა ბათშებაყი მეფე სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. წარდგა მეფე მის შესახვედრად და თაყვანისცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი.
უთხრა: ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნე გამაწბილებ. უთხრა მეფემ: მთხოვე, დედაჩემო, რადგან არ გაგაწბილებ.
თქვა: მიეცი ცოლად აბიშაგ შუნამელი შენს ძმას, ადონიას.
მიუგო მეფე სოლომონმა თავის დედას და უთხრა: რად მოითხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ მეფობაც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა; მისთვის, აბიათარ მღვდლისთვის და იოაბ ცერუიას ძისთვის!
დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი და თქვა: ასე და ასე მიყოს უფალმა, და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას!
ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.
დაავალა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძეს და მანაც განგმირა იგი და მოკვდა ადონია.
აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი მამაჩემის, დავითის წინაშე და, ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა.
მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ელიას სახელზე სილოამში.
მიუვიდა ხმა იოაბს და (რადგან იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია) გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკნ გაიქცაო იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე და დააბარა: მიდი, მოკალი!
მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: გამოდი, ასე ბრძანა მეფემ. მიუგო: არა, აქ მოვკვდები. მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი, ასე თქვაო იოაბმა.
უთხრა მეფემ: ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა; მოკალი და დამარხე. ამით მომრეცხავ მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლს, იოაბმა რომ დაღვარა.
უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისივის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრდ აბნერ ნერის ძე, ისრაელის ჯარის სარდალი, და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.
მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს უკუნისამდე, ხოლო დავითს, მის მთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა სთნდეს უფლისგან უკუნისამდე.
წავიდა ბენაია იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა მას და მოკლა, და მის სახლში, უდაბნოში დამარხა.
დანიშნა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ადგილზე ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ადგილზე ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.
დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე იქ. ნურსად ნუ გახვალ აქიდან.
როგორც კი გახვალ და კედრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.
უთხრა შიმყიმ მეფეს: კეთილი. როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მორჩილი. ცხოვრობდა შიმყი იერუსალიმში მრავალი ხანი.
გავიდა სამი წელი და გაექცა შიმყის ორი მორჩილი აქიშ მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმყის, გათში არიანო შენი მორჩილნი.
ადგა შიმყი და შეკაზმა სახედარი და წავიდა გათს აქიშთან თავის მორჩილთა საძებრად. წავიდა შიმყი და კიდეც მოიყვანა გათიდან თავისი მორჩილნი.
შეატყობინეს სოლომონს, იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმყი და უკან მობრუნდაო.
დაიბარა მეფემ შიმყი და უთხრა: რომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე, თუ გახვედი და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი, შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.
რატომ არ შეინახე უფლის ფიცი და ჩემი ბრძანება, რაც ნაბრძანები მქონდა?
კიდევ უთხრა მეფემ შიმყის: შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობა გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას.
კურთხეული იყოს მეფე სოლომონი და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!
უბრძანა მეფემ ბენაია იეჰოიადაყის ძეს. ისიც წავიდა და დაჰკრა შიმყის, და მოკვდა იგი. განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი, და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:
მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.
და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი წერილ არიან სჯულსა მას მოსესასა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო.
რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაჱლისათა.
და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისამან, რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაჱლისათა: აბენეზერს, ძესა მას ნერისასა, და ამესას, ძესა მას იეთერისასა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი, იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებასა შინა თჳსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.
აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთად.
და ძეთა ბერზელის გალადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძმისა შენისა.
და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებოდა მე კიდემდე იორდანისა და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.
ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთად.
და დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.
და რიცხჳ დღეთა დავითისათა, რაოდენ მეფობდა ისრაჱლსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალჱმს მეფობდა ყოველსა ზედა ისრაჱლსა ოცდაცამეტ წელ.
სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა. და განემზადა მეფობა მისი ფრიად.
და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანი სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსულა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.
და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!
და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაჱლისა მეფობად. და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.
და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!
და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესკა სომანიტელი ცოლად.
და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.
და შევიდა ბერსაბე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონიასთჳს. და ზეაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა და დაუდგეს საყდარი დედასა მეფისასა. და დაჯდა მარჯუენით მისა.
და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქვა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.
და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.
მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.
და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.
აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსვა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.
და წარავლინნა სოლომონ მეფემან ბანეას, ძე იოადასი, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.
და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.
და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.
და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მოვივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი!
მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.
ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაფალ იგი, და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.
მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა, და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი. აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაჱლისა, და ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.
დააკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობაჲ უკუნისამდე უფლისა მიერ.
და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.
და მისცა მეფემან სოლომონ ბანია, ძე იუდასი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.
და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასისა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალჱმს, და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხვალ მუნით.
და იყოს დღესა მას მოსულისა შენისასა, და ნუ წიაღჴდენ ნაღვარევსა მას კედრონისასა. უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.
და ჰრქუა სემეი: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალჱმსა შინა სამ წელ.
და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდენ ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშის, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა, და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.
და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთად ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა და მივიდა სემეი და მოიყვანა მონანი იგი თჳსნი გეთით.
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალჱმით გეთად და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.
და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე, და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.
და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?
და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენი-რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.
და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.
და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისასა, და განვიდა და მოკლა იგი და მოკუდა სემეი.