მესამე მეფეთა, თავი 20
ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი, თან იახლა ოცდათორმეტი მეფე და ცხენებითა და ეტლებით დაიძრა, შემოადგა სამარიას და ბრძოლა გაუმართა.
გაუგზავნა მოციქულები აქაბს, ისრაელის მეფეს, ქალაქში.
და შეუთვალა: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: ჩემია შენი ვერცხლი და შენი ოქრო, ჩემია შენი ცოლები და შენი საუკეთესო ვაჟები.
მიუგო ისრაელის მეფემ და უთხრა: შენი სიტყვისამებრ იყოს მეფე-ბატონო! მეც შენი ვარ და ჩემი საბადებელიც შენია.
კვლავ მოვიდნენ მოციქულები და თქვეს: ასე ამბობს ბენ-ჰადადი: რაკი შემოგითვალე, მომეცი შენი ოქრო. ვერცხლი, შენი ცოლები და შენი ვაჟები.
ხვალ ამ დროს გამოგიგზავნი ჩემს მორჩილთ, რომ გაჩხრიკონ შენი სახლი და შენს მორჩილთა სახლები, და ხელი დაადონ ყველაფერს, რაც ძვირფასია შენთვალში, და წამოიღონ.
უხმო ისრაელის მეფემ ქვეყნის მთელს უხუცესობას და უთხრა: კარგად შეიგნეთ, რომ ცუდს გვიპირებს ეს კაცი, რადგან ჩემი ცოლების, ჩემი ვაჟიშვილების და ჩემი ოქრო-ვერცხლის წასართმევად გამოგზავნა ხალხი, მე კი უარი არ მითქვამს მისთვის.
უთხრეს მთელმა უხუცესობამ და მთელმა ერმა: ყურს ნუ დაუგდებ და ნურც დაეთანხმები.
უთხრა მან ბენ-ჰადადის მოციქულებს: ასე უთხარით ჩემს ბატონ მეფეს: რაც პირველად შემოუთვალე შენს მორჩილს, იმას გავაკეთებ. მაგრამ ამ საქმის გაკეთება არ შემიძლია. წავიდნენ მოციქულები და მიუტანეს პასუხი.
შეუთვალა ბენ-ჰადადმა: ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და მეტიც დამმართონ, თუ სამარიის მტვრის თითო პეშვი შეხვდეს ყველას, ვინც უკან მიდგას.
მიუგო ისრაელის მეფემ: ნუ იტრაბახებს სარტყლის შემომრტყმელი სარტყლის შემომხსნელივით.
გაიგონა ეს შემოთვლილი სიტყვა ბენ-ჰადადმა, როცა მეფეებთან ერთად ჩარდახის ქვეშ სვამდა, და უთხრა თავის მორჩილთ: შემოეწყვეთ! ისინიც შემოეწყვნენ ქალაქს.
აჰა, მოუახლოვდა ერთი წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? ხელში ჩაგაგდებინებ დღეს ყველას. რათა იცოდე, რომ მე უფალი ვარ.
თქვა აქაბმა: ვისი წყალობით? მიუგო: ასე ამბობს უფალი: მხარეთა მთავრების მსახურთა წყალობით. ვინ წამოიწყებს ბრძოლას? თქვა: შენ.
დათვალა მხარეთა მთავრების მსახურნი და აღმოჩნდა ორასოცდათორმეტი კაცი; მათ მერე დათვალა მთელი ხალხი, ყველა ისრაელიანი - შვიდი ათასი კაცი.
შუადღისას გავიდნენ, როცა ბენ-ჰადადი სვამდა და თვრებოდა ჩარდახქვეშ თავის თანამდგომ მეფეებთან ერთად.
პირველად მხარეთა მთავრების მსახურნი გავიდნენ. გაგზავნა ბენ-ჰადადმა და ამბავი მოუტანეს: ხალხი გამოდისო სამარიიდან.
თქვა: თუ სამშვიდობოდ არიან გამოსულნი, ცოცხლად შეიპყარით; თუ საბრძოლველად არიან გამოსულნი, შეიპყარით ცოცხლად!
ესენი გამოვიდნენ ქალაქიდან, მხარეთა მთავრების მსახურნი და ლაშქარი, მათ რომ მიჰყვებოდა უკან.
ყველამ თავ-თავისი მეტოქე დასცა ძირს, უკუიქცნენ არამელები და დაედევნა მათ ისრაელი. გაიქცა ცხენით ბენ-ჰადადი, არამის მეფე მხედრებთან ერთად.
გამოვიდა ისრაელის მეფე და დაკრა ცხენებსა და ეტლებს. დიდი გამარჯვება მოიპოვა არამზე.
მიუახლოვდა წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს და უთხრა: წადი, გამაგრდი და იფიქრე, რა უნდა გააკეთო, რადგან წელიწადი შემობრუნდება და დაგესხმის თავს არამის მეფე.
უთხრეს მისმა მორჩილებმა არამის მეფეს: მთათა ღმერთია მათი ღმერთი, ამიტომაც გვძლიეს. თუ დაბლობზე შევებრძოლებით, უსათუოდ ვძლევთ.
აბა, ასე მოიქეცი: თავ-თავის ადგილებს მოაშორე მეფეები და მათ ნაცვლად ერისმთავარნი დააყენე.
შეჰყარე იმდენივე ჯარი, რამდენიც დაგეღუპა, იმდენივე ცხენი, რამდენიც გყავდა, და იმდენივე ეტლი, რამდენიც გქონდა. დაბლობზე შევებრძოლოთ მათ და უსათუოდ დავამარცხებთ. ყურად იღო მათი სიტყვა და ასე მოიქცა.
როცა მობრუნდა წელიწადი, დაათვალიერა თავისი ლაშქარი არამის მეფემ და გაემართა აფეკისკენ ისრაელიანებთან საბრძოლველად.
შეემზადნენ ისრაელიანებიც, საგზალი მოიმარაგეს და მათ შესახვედრად დაიძრნენ. თხის ორი ჯოგივით დაიბანაკეს ისრაელიანებმა მათ პირისპირ, ხოლო არამელებმა დაფარეს მიწა.
გამოჩნდა ღვთისკაცი და უთხრა ისრაელის მეფეს: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვეს არამელებმა უფალზე, მთების ღმერთი არისო და ვაკეების ღმერთი არ არისო, მთელს ამ ურიცხვ ლაშქარს ხელში ჩაგაგდებინებ, რათა იცოდეთ, რომ უფალი ვარ.
ასე იყვნენ დაბანაკებულნი ერთმანეთის პირისპირ შვიდ დღეს. მეშვიდე დღეს გაიმართა ბრძოლა და გაწყვიტეს ისრაელიანებმა არამელნი - ასი ათასი ქვეითი ერთ დღეს.
დანარჩენები ქალაქ აფეკში გაიქცნენ. დანარჩენი ოცდაშვიდი ათასი კაცი კედელმა დაიტანა. ბენ-ჰადადიც გაიქცა და მივიდა ქალაქში და შიდა ოთახში დაიმალა.
უთხრეს მისმა მორჩილებმა: გვსმენია, გულმოწყალენი ყოფილან ისრაელის სახლის მეფეები; წელზე ჯვალოს შემოვიკრავთ, თავზე ბაწრებს დავიწყობთ და გავალთ ისრაელის მეფესთან. იქნებ ცოცხლები დაგვტოვოს
წელზე ჯვალო შემოიკრეს, თავზე ბაწრები დაიდეს, მივიდნენ ისრაელის მეფესთან და უთხრეს: შენი მორჩილი ბენ-ჰადადი გთხოვს, სიცოცხლე შემინარჩუნეო. თქვა: ჯერ კიდევ ცოცხალია? ჩემი ძმა არის.
ინიშნეს ეს ამ კაცებმა, არ დაიბნენ და სასწრაფოდ მიუგეს: შენი ძმა არის ბენ-ჰადადი. თქვა მეფემ: წადით და მოიყვანეთ. გამოვიდა მასთან ბენ-ჰადადი და ეტლზე დაისვა იგი მეფემ.
უთხრა: დაგიბრუნებ იმ ქალაქებს, მამაშენს რომ წაართვა მამაჩემმა; იქონიე ქუჩები დამასკოში, როგორც მამაჩემს ჰქონდა სამარიაში. მე კი, თქვა აქაბმა, ხელშეკრულების დადებით გაგისტუმრებ. დაუდო ხელშეკრულება და გაისტუმრა.
უთხრა ერთმა წინასწარმეტყველთა დასიდან მეორეს უფლის სიტყვით: მცემე. მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა.
მაშინ უთხრა: რაკი არ გაიგონე ჩემი სიტყვა, აჰა, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა მისგან კაცი, შემოეყარა ლომი და მოკლა ლომმა.
მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე. მაგრად სცემა იმ კაცმა და დააწყლულა.
წავიდა წინასწარმეტყველი და დახვდა მეფეს გზაზე, თვალებზე რიდე ჰქონდა აფარებული.
როცა გამოიარა მეფემ, შეჰბღავლა მან მეფეს და უთხრა: შუაგულ ბრძოლაში იყო შენი მორჩილი, როცა ვიღაც კაცი გავიდა გვერდზე და მომიყვანა კაცი და მითხრა: უყარაულეო ამ კაცს; თუ დაიკარგა, შენი სიცოცხლე იყოს მისი სიცოცხლის წილ, ანდა ერთი ქანქარი ვერცხლი გადაიხადეო.
გაერთო საქმით შენი მორჩილი და, აჰა, სადღაა კაცი. უთხრა მას ისრაელის მეფემ: შენ თავად გამოგიტანია განაჩენი შენთვის.
მყისვე გადაიძრო რიდე თვალთაგან და იცნო იგი ისრაელის მეფემ, შეიცნო მასში ისრაელის მეფემ წინასწარმეტყველი.
უთხრა წინასწარმეტყველმა: ასე ამბობს უფალი: რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ!
წავიდა ისრაელის მეფე შინისაკენ დამწუხრებული და შეშფოთებული, და მივიდა სამარიას.
და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ბრძოდეს მას.
და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაჱლისა ქალაქსა ამას.
და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქრო შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.
მიუგო მეფემან ისრაჱლთამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე ჩემი შენი არს.
და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქრო შენი და ცოლნი შენნი, შვილნი შენნი მომიძღვანნე.
ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი, და იყოს, რა სათნო-უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიჰყონ ჴელნი თჳსნი და მოიღონ.
და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქრო ჩემი არა დავაყენე მისგან.
ჰრქუეს მას მოხუცებულთა და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავსა იდებ.
და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისათა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რა მარქუ მონასა შენსა, ვყო პირველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.
და მიავლინა მისა ძემან ადერისამან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა, და ესე და ესე შემძინონ, უკუეთუ ეყოს მიწა ქუეყანისა შენისა ჴელთა ერისა ჩემისა მკურცხლისათა.
მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.
და იყო, ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე და იგი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა, ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.
და, აჰა, წინაწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?
და ჰრქუა: შენ აღრაცხენ მონანი იგი მთავართანი! და იპოვნეს ორასოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყუნეს შჳდ ათას.
და განვიდეს შუა სამხრის ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და დამთურალ სოკქოთს, იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი, შემწენი მისნი.
და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიათ.
და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი, და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.
და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა, და ერი იგი შეუდგა მათ.
და სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს. და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.
და გამოვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და დააყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.
(და მივიდა წინაწარმეტყუელი მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რა ყო. რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, გამოსლვად არს შენ ზედა).
და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათა არს ღმერთი იგი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა, და მისთჳს გუძლეს ჩუენ; უკუეთუ ვეწყუნეთ მათ, ადვილცა ვსძლოთ მათ.
და აწ ყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.
და აღგედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴვა შენ და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა, სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა. და ყო ეგრე.
და იყო შემდგომად მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისამან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკად წყობად ისრაჱლისა.
და ძეთა მათ ისრაჱლისათა ახილვა-ყვეს და განგუნდნეს ორგან და მიეგებოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაჱლისანი იყუნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანა იგი.
და მივიდა კაცი იგი ღმრთისა და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა. მე მიგცე დღე იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.
და დაიბანაკეს მათ პირისპირ მთასა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაჱლმან ასურასტანელთა მათ ასი ათასი მკჳრცხლთა ერთსა შინა დღესა.
და ნეშტნი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა, და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკით სენაკად.
და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა. აჰა, ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაჱლისანი მოწყალენი არიან. აწ შთავიცვათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაჱლისა, გან-ხოლო-თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.
და შთაიცვეს ძაძა და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაჱლისასა: მონა შენი, ძე ადერისი. ესრეთ იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმა ჩემი არს.
და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისხმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმა შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით, გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსვა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.
და ჰრქუა: ქალაქნი იგი დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გააგო შენდავე და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიას და მე აღთქმა-ვყო შენ თანა და დავდვა აღთქმა მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.
და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინაწარმეტყუელთაგანმან ჰრქვა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე და არა ინება მან მოკლვად მისა.
ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარცა წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.
და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე და დასცა მას კაცმან მან და დალეწა.
და მოვიდა წინაწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.
და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონა შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქვა: დამიმარხე კაცი ეგე, უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.
და იყო ვიდრე მონა შენი იქი და აქა, ვხედევდ და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მას: აჰა, შენცა სტყუი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.
და ისწრაფა და უკანაიჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა. და იცნა იგი მეფემან ისრაჱლისამან, ვითარმედ წინაწარმეტყუელთაგანი არს იგი.
და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წინაწარმეტყუელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.
და წარვიდა მეფე ისრაჱლისა სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.