ლოცვანი
აპლიკაცია

მესამე მეფეთა, თავი 5

1

გაგზავნა ხირამმა, ტიროსის მეფემ, თავისი მორჩილნი სოლომონთან, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად. ხოლო ხირამი დავითის მოყვარული იყო ყოველთვის.

2

შეუთვალა სოლომონმა ხირამს:

3

შენ იცი, რომ ვერ შესძლო მამაჩემმა დავითმა, აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღვთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარშემო, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა ისინი.

4

ახლა კი ჩამომიგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა; აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ფათერაკი მელის რაიმე.

5

აჰა, და ვფიქრობ ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღმერთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.

6

ახლა ბრძანე, რომ კედარის ხეები მომიჭრან ლიბანში; ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან; მე მოგცემ შენს მორჩილთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან შენ იცი, რომ ციდონელებივით ჩვენში ტყეს ვერვინ ჩეხავს.

7

როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი და ამდენი ხალხის განმგებლად დაადგინა.

8

შეუთვალა ხირამმა სოლომონს: მოვისმინე, რაც შემომითვალე; ყველაფერს შეგისრულებ, რაც კი კედარისა და კვიპაროსის ხეების გამო ისურვე.

9

ჩემი მორჩილნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად გავუშვებ ზღვით იმ ადგილამდე, რომელსაც დამითქვამ; იქ დავშლით და წაიღებ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.

10

უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხეებს.

11

ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს ოცი ათას ქორ ხორბალს მის სახლის სარჩოდ და ოც ქორ გაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.

12

მიჰმადლა უფალმა სიბრძნე სოლომონს დაპირებისამებრ. მშვიდობა იყო ხირამსა და სოლომონს შორის და კავშირი ჰქონდათ შეკრული ერთმანეთთან.

13

დაბეგრა სოლომონმა მთელი ისრაელი: ოცდაათი ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.

14

გზავნიდა მათ ლიბანში, თვეში ათი ათას კაცს მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს თავთავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას.

15

სოლომონს ჰყავდა სამოცდაათი ათასი მტვირთავი და ოთხმოცი ათასი ქვისმჭრელი მთაში,

16

გარდა სამი ათას სამასი თავკაცისა, რომელნიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს და მომუშავეებს ზედამხედველობდნენ.

17

ბრძანა მეფემ და მოზიდეს დიდრონი ლოდები, ძვირფასი ქვის ზოდები სახლის საძირკველისათვის.

18

სოლომონისა და ხირამის მშენებლები და გებალელები ჭრიდნენ და ამზადებდნენ ხესა და ქვებს სახლის ასაშენებლად.

1

და მოუვლინა ქირიმ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს, რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყვარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა.

2

და მოუვლინა სოლომონ ქირამისა და ჰრქუა:

3

შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.

4

და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.

5

და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.

6

და აწ ბრძანე, და, კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდენ მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქვა შენ. თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაცი, რომელმანცა იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა.

7

და იყო, ვითარცა ესმა სიტყვა ესე სოლომონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქვა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა.

8

და მიავლინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა; მე ვყო ნება შენი. ფიჭვი და ნაძვი

9

მონათა ჩემთა მოიღონ ლიბანით ზღჳსკიდედ, და შევდგა ხვეულად და მოვიღო ზღჳთ და მოვაწიო ადგილად, სადაცა ბრძანო შენ და შენ მიიღო და ჰყო ნიში ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა.

10

და უძღუანებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა.

11

და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოცათი საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქირამს წლითი წლად.

12

და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქვა მას და იყო მშჳდობა შორის ქირამისა და სოლომონისა და აღთქმა-ყვეს ურთიერთას.

13

და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაჱლისა. და იყო მოქმედი იგი ოცდაათი ათას მამაკაც.

14

და განაწესა მიმავალი ლიბანედ, ათი ათასმან თთუე ერთი დაყვეს ლიბანეს, ორი თთუე სახლსა თჳსსა. და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა.

15

და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა.

16

და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს, ზედა საქმესა მას მოძღურად სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა.

17

და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკველად ტაძრისა მის ქვანი გამოკვერვილნი.

18

და გამოკვერნეს ძეთა მათ სოლომონისათა და ძეთა მათ ქირამისათა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ.

12345678910111213141516171819202122