მესამე მეფეთა, თავი 14
ამ დროს ავად გახდა იერობოამის ძე, აბია.
უთხრა ცოლს იერობოამმა: ადექი და გადაიცვი, რომ ვერ გიცნონ, იერობოამის ცოლი რომ ხარ, და წადი სილოამს. იქ არის ახია, წინასწარმეტყველი; მან მითხრა, ამ ერის მეფე გახდებიო.
ხელში აიღე ათი პური, ნამცხვრები, ერთი ქილა თაფლი, მიდი მასთან და ის გეტყვის, რა დაემართება ბავშვს.
ასეც მოიქცა იერობოამის ცოლი. ადგა და წავიდა სილოამს, და მივიდა ახიას სახლში. მაგრამ ვეღარ ხედავდა ახია, რადგან სიბერის გამო თვალის ჩინი წართმეოდა.
უფალმა უთხრა ახიას: აჰა, იერობოამის ცოლი მოდის შენთან, ავადმყოფი ბავშვის ამბავი რომ გკითხოს, ასე და ასე ელაპარაკე. როცა მოვა, გადაცმული იქნება.
როცა გაიგონა ახიამ კართან მომდგარი ქალის ფეხის ხმა, დაიძახა: შემოდი, იერობოამის ცოლო! რისთვის გადაგიცვამს. მძიმე ამბავი უნდა გამცნო.
წადი, უთხარი იერობოამს, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: მე აღგაზევე შენ ამ ერში და ისრაელის ერისმთავრად დაგადგინე.
მე გამოვგლიჯე დავითის სახლს მეფობა და შენ მოგეცი, თუმცა არ გავხარ ჩემს მორჩილს დავითს, რომელიც იცავდა ჩემს მცნებებს, მთელი გულით მომყვებოდა უკან და მხოლოდ სიმართლეს სჩადიოდა ჩემს თვალში.
შენ ყველა მათგანზე უარესად მოიქეცი, ვინც კი შენამდე ყოფილა; წახვედი და უცხო ღმერთები და კერპები გაიჩინე ჩემს განსარისხებლად. თავად მე ზურგს უკან მომისროლე.
ამიტომ, აჰა, უბედურებას დავატეხ იერობოამის სახლს და ამოვძირკვავ ყველას, ვინც კი კედელთან მშარდავი ჰყავს იერობოამს, ყმასა და აზატს ისრაელში; გავხვეტავ იერობოამის სახლს, როგორც პირწმინდად გახვეტენ ხოლმე ნაგავს.
ვინც ქალაქში მოუკვდება იერობოამს, იმას ძაღლები შეჭამენ, ვინც გარეთ მოკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. რადგან ასე ბრძანა უფალმა.
ახლა ადექი და შენს სახლში წადი, ქალაქში შეადგამ თუ არა ფეხს, მოკვდება ბავშვი.
დაიტირებს მთელი ისრაელი და დამარხავენ; ეგ ერთადერთი ჩაუვა იერობოამს საფლავში, რადგან იერობოამის მთელი სახლიდან მხოლოდ მასში აღმოჩნდა სიკეთე უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
უფალი დაადგენს თავის მეფეს ისრაელზე, რომელიც მოსპობს იერობოამის სახლს იმ დღეს, და რატომ ახლავე არა?
დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარის გაღმა გადარეკავს, რადგან აშერები გაიჩინეს უფლის გასარისხებლად.
გასწირავს ისრაელს იერობოამის გამო, თავადაც რომ სცოდა და ისრაელიც რომ შეიყვანა ცოდვაში.
ადგა იერობოამის ცოლი და წავიდა. მივიდა თირცაში და ვიდრე ზღურბლს გადააბიჯებდა, მოკვდა ყმაწვილი.
დამარხეს და დაიტირა იგი მთელმა ისრაელმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს ახია წინასწარმეტყველის პირით.
იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
ხანი იერობოამის მეფობისა იყო ოცდაორი წელი. განისვენა მან თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ნადაბი გამეფდა.
ხოლო სოლომონის ძე რობოამი იუდაში მეფობდა. ორმოცდაერთი წლისა იყო რობოამი, როცა გამეფდა და ჩვიდმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში, იმ ქალაქში, რომელიც ისრაელის ყველა შტოდან ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. მისი დედა იყო ნაყამა, ყამონელი ქალი.
ბოროტად იქცეოდა იუდა უფლის თვალში და თავიანთ მამა-პაპას გადაამეტეს ცოდვებში, რითაც გულისწყრომით ავსებდნენ უფალს.
მათაც გაიშენეს გორაკები, სვეტები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ხემხვივანის ქვეშ.
როსკიპნიც იყვნენ ქვეყანაში, სჩადიოდნენ იმ ხალხების ყოველგვარ სიბილწეს, რომელნიც აყარა უფალმა ისრაელიანებისგან.
რობოამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს.
წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა ისინი მალემსრბოლთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მალემსრბოლებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მალემსრბოლელთა ოთახში.
რობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, დედამისი იყო ნაყამა, ამონელი ქალი. მის ნაცვლად მისი ძე აბიამი გამეფდა.
მას ჟამსა დასნეულდა აბია, ძე იერობუამისა.
და ჰრქვა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავნ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იერობუამისი ხარ, და მიხჳდე სელომად და, აჰა, მუნ არს აქია წინაწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამასა.
და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პურნი და კვერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი, და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.
და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომად და შევიდა სახლსა მას აქიასასა. და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამძიმებულ.
და ჰრქუა უფალმან აქიას: აჰა, ცოლი იერობუამისი მოვალს კითხვად შენდა ძისა თჳსისათჳს, რამეთუ სნეულ არს ესე და ესე ჰრქუა მას.
და იყო, შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო, და იყო, ვითარცა ესმა აქიასა განხმა კართა და ბგერა ფერჴთა მისთა შესლვასა მას მისთა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისა. რა არს ეგე, რამეთუ უცნაურქმნილ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით?
მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღუარად ერსა მაგას ჩემსა ისრაჱლსა.
და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონა ჩემი დავით, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა.
და განსძვინდი უფროს ყოველთასა, რომელ იყუნეს წინა შენსა და იქმნენ შენსა ღმერთნი უცხონი დასხმითნი განსარისხებელად ჩემდა და მე განმიშორენ პირისაგან შენისა.
ამისთჳს მოვავლინო მე ძჳრი ზედა სახლსა მას იერობუამისსა და მოვსპო იერობუამისი, რომელი აფსმიდეს კედელსა, შეღრეკილ და დაჴსნილ შორის ისრაჱლისა და შევკრიბო შემდგომად სახლისა მის იერობუამისი, ვითარცა ვინ შეკრების ნაგევი ვიდრე მოსრულებადმდე მისა.
მძორები იერობუამისი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მკუდარნი ველთა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.
და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა და შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად მოკუედინ ყრმა იგი.
და იტყებედ იგი ყოველმან ისრაჱლმან და დაფლედ იგი, რამეთუ იგი ხოლო იერობუამისი დაიდვის სამარესა, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა სახლსა იერობუამისსა.
და აღადგინოს უფალმან თჳსა მეფედ ზედა ისრაჱლსა, რომელმან დასცეს სახლი იერობუამისი მას დღესა შინა.
და აწ რადღამე დასცეს უფალმან ისრაჱლი? რამეთუ ირყევის ვითარცა ლერწამი წყალსა და აღჴვარდოს უფალმან ისრაჱლი ქუეყანისა ამისგან შვებისა, რომელ მისცა მამათა მათთა და განიქარვნეს იგინი წიაღ მდინარესა მას ამისთჳს, რამეთუ იქმნეს თჳსა მაღალნი განსარისხებელად უფლისა.
და მისცეს უფალმან ისრაჱლი ცოდვათათჳს იერობუამისთა, რომელ ცოდა, და აცოდვა ისრაჱლი.
და აღდგა ცოლი იერობუამისი და წარვიდა სარირად. და იყო, ვითარცა შევიდოდა ბჭეთა მათ ტაძრისათა, მოკუდა ყრმა იგი.
და იტყებდეს იგი და დაფლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია წინაწარმეტყუელისათა.
და ნეშტნი სიტყუათა იერობუამისნი, რაოდენ ვის ბრძოდა, რაოდენ მეფობდა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.
და დღენი, რაოდენ მეფობდა იერობუამ, ოცდაორ წელ. და დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და მეფობდა ნაბატ, ძე მისი, მის წილ.
და რობუამ, ძე სოლომონისი, მეფობდა ზედა იუდასა. ძე ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობუამ დადგომასა მას მისა მეფედ, და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან დადებად სახელი მისი მას ზედა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, და სახელი დედისა მისისა ნაამა ამანიტელი.
და ქმნა რობუამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს.
და აღაშენნეს მათცა თჳსა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა ქუეშე ყოველს ხესა მაგრილობელსა.
და ზმნა იყო ქუეყანასა მათსა და ქმნეს საძაგელები ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.
და იყო, წელსა მას მეხუთესა სუფევასა რობუამისასა აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმად.
და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისა და ფასი სახლისა მის მეფისა და ოროლნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნა სოლომონ.
და ქმნა მეფემან რობუამ მის წილ ჯაჭუ-ჭური სპილენძისა და აღიღიან მთავართა მათ წინამცურვალთა, რომელნი სცვედ ბჭეთა სახლისა მეფისათა.
და რაჟამს შევალნ მეფე სახლსა მას უფლისასა, აღიღიან იგი წინამცურვალთა მათ და დააყრდიან იგი თავეთ წინამცურვალთასა.
და ნეშტნი სიტყუათა რობუამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა.
და ბრძოლა იყო შორის რობუამისა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა.
დაიძინა რობუამ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და სახელი დედისა მისისა ნამა ამანიტელი და მეფობდა აბიუ, ძე მისი, მის წილ.