მესამე მეფეთა, თავი 12
წავიდა შექემში რობოამი, რადგან შექემში იყო მისული მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
ეს ამბავი იერობოამ ნაბატის ძემ ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას შეიტყო, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული; მას შემდეგ ეგვიპტეში ცხოვრობდა იერობოამი.
შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდნენ იერობოამი და ისრაელის მთელი კრებული და ასე უთხრეს რობოამს.
უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა; ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამსახური და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვაკისრა, და გემსახურებით.
მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს, ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
ასე უთხრეს: თუ დღეს მაგ ხალხის მორჩილი იქნები, დაემორჩილები და დააკმაყოფილებ მათ, კარგ სიტყვებს ეტყვი, მაშინ შენი მორჩილნი იქნებიან სამუდამოდ.
არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეებს, რომელნიც მასთან შეზრდილნი იყვნენ და გარს ეხვივნენ.
უთხრა მათ: რას მირჩევთ, რა ვუპასუხო მაგ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენის დაკისრებული უღელი?
ელაპარაკნენ მოყმენი, მასთან რომ იყვნენ შეზრდილნი, და ურჩიეს: ასე უთხარი იმ ხალხს, რომელიც გეუბნება, უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა და ახლა შენ უნდა შეგვიმსუბუქოო, ასე უთხარი მათ: მამაჩემის წელზე მსხვილია-თქო ჩემი ნეკათითი.
ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
მოვიდნენ იერობოამი და მთელი ხალხი მესამე დღეს რობოამთან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, სამი დღის შემდეგ მოდით ჩემთან.
მკაცრად უპასუხა მეფემ ხალხს, ყური არ ათხოვა უხუცესთა რჩევას, რაც ურჩიეს.
მოყმეთა რჩევის თანახმად ელაპარაკა და უთხრა მათ: ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე კიდევ უარესად დაგიმძიმებთ უღელს! ხომ შოლტებით გსჯიდათ მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!
არ შეიწყნარა მეფემ ხალხის სათხოვარი, რადგან ასეთი იყო უფლის ნება, რათა აღსრულებულიყო მისი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერობოამ ნაბატის ძისთვის ახია სილოამელის პირით.
როცა დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ არ უსმინა მათ მეფემ, მაშინ სიტყვა შეუბრუნა ხალხმა მეფეს და უთხრა: რა წილი გვიდევს დავითში? რა მემკვიდრეობა გვაქვს იესეს ძისგან? შენ-შენი კარვებისკენ, ისრაელო! ახლა შენ მიხედე შენს სახელს, დავით! და თავთავის კარვებში წავიდ-წამოვიდა ისრაელი.
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
გაგზავნა მეფე რობოამმა ადორამი, ხარკის ამკრეფი, მაგრამ ქვებით ჩაქოლა ხალხმა, და მოკვდა იგი. მაშინ სასწრაფოდ ახდა ეტლზე მეფე რობოამი და იერუსალიმში გაიქცა.
განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
როცა შეიტყო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, დაიბარეს საკრებულოში და გაამეფეს მთელს ისრაელზე. ერთადერთი იუდას შტო იყო, რომ შერჩა დავითის სახლს.
მივიდა რობოამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდას მთელი სახლი და ბენიამინის შტო - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელის სახლს და დაებრუნებინათ მეფობა რობოამ სოლომონის ძისთვის.
გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, იუდასა და ბენიამინის. მთელს სახლს და დანარჩენ ხალხს;
ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან, ისრაელიანებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ირწმუნეს უფლის სიტყვა და უფლის სიტყვისამებრ გაბრუნდნენ უკან.
ააშენა იერობოამმა შექემი ეფრემის მთაზე და იქ დასახლდა. მერე წავიდა იქიდან და ფენუელი ააშენა.
ამბობდა თავის გულში იერობოამი: კვლავ დაუბრუნდებაო მეფობა დავითის სახლს.
თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ, მე მომკლავენ და რობოამთან, იუდას მეფესთან დაბრუნდებიანო.
ითათბირა მეფემ და გააკეთა ორი ოქროს ხბო და უთხრა ხალხს: გეყოფათ იერუსალიმში სიარული. აჰა, შენი ღმერთები, ისრაელო, რომელთაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
ერთი ხბო ბეთელში დადგა, მეორე დანში გაგზავნა.
ეს იყო ცოდვის დასაბამი. დაიწყო ხალხმა სიარული ხბოების თაყვანისსაცემად თვით დანამდე.
ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა.
დააწესა იერობოამმა დღესასწაული მერვე თვეს, თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ დღესასწაულის მსგავსი, იუდაში რომ იმართებოდა, და მსხვერპლი აღავლინა სამსხვერპლოზე. ასევე ჰქონდა მოწყობილი ბეთელში, რომ მსხვერპლი შეეწირათ ხბოებისთვის, რომლებიც გააკეთა; დაუდგინა ბეთელში მღვდლები გორაკებს, რომლებიც აღმართა.
ავიდა თავის აგებულ სამსხვერპლოზე მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს, იმ თვეში, რომელიც თავისი ნებით ამოარჩია; დაუწესა დღესასწაული ისრაელიანებს და ავიდა სამსხვერპლოზე საკმევლის საკმევად.
და მივიდა მეფე რობუამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მიკრბა ყოველი ისრაჱლი დადგინებად მისა მეფედ მათ ზედა.
და იყო, ვითარცა ესმა იერობუამს, ძესა ნაბატისასა, ვიდრე იყო იგი ეგჳპტეს, ვინათგან იგი ლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა, და მოიქცა იერობუამ ეგჳპტით.
და წარავლინეს და მოხადეს იერობუამს ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, სიტყუად იწყო ყოველმან ერმან ისრაჱლისამან და ჰრქუეს მეფესა რობუამს:
მამამან შენმან დაამძიმა ჩუენ ზედა უღელი და შენ აღამცირე ფიცხელად იგი მონება მამისა შენისა და მძიმე იგი უღელი, რომელ იყო ჩუენ ზედა, და გმონო შენ.
და ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით ჩემგან და მესამესა დღესა მოიქეცით ჩემდა! და წარვიდეს.
და ზრახვა-ყო მეფემან რობუამ მოხუცებულთა მათ თანა, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ვიდრე ცოცხალღა იყო, და ჰრქუა: მაზრახეთ, რა სიტყუა-უგო ერსა მას?
სიტყუად იწყეს მისა და ჰრქუეს: ამას დღესა თუ დაემორჩილო ერსა ამას და ეტყოდე მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ მონად შენდა ყოველთა დღეთა.
და მიუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელ აზრახეს მას და აზრახა ყრმებსა ზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა.
და ჰრქუა მათ: თქუენ რათა მაზრახით? და მიუგო ერსა მას, რომელსა მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელი დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?
და სიტყუად იწყეს ყრმებმან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქვა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ, ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმე უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან. ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმახჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.
ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა, მამა ჩემი გასწავლიდა თქუენ კვერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.
და მოვიდა ყოველი ისრაჱლი რობუამ მეფისა დღესა მას მესამესა, ვითარცა ჰრქვა მათ მეფემან, ვითარმედ: მოდით ჩემდა დღესა მესამესა.
და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელი აზრახეს მას.
და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმებისასა და ჰრქვა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენ ზედა და მე დაურთო მას ზედა, მამამან ჩემმან გასწავლნა თქვენ კუერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.
და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო განდრეკა იგი, რათა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა ეტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისათა სილონიტელისათა იერობუამს, ძესა ნაბატისასა.
ვითარცა იხილა ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, მიუგეს ყოველმან ერმან და ჰრქვეს მეფესა: რა ნაწილი ძეს ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელ ძისა თანა იესესისა? ისწრაფე სამკჳდრებელად შენდა, ისრაჱლ! და აწ შენ მწყისიდი სახლსა დავითისასა! და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.
და ძეთა მათგანთა ისრაჱლისათა, რომელნი სხდეს ქალაქთა მათ იუდასთა, მეფობდა მათ ზედა რობუამ.
და წარავლინა მეფემან რობუამ ადონირამ ხარკის-მოჴდად და დაქოლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და მოკლა. და მეფემან რობუამ ისწრაფა და აღჴდა ეტლთა და მიივლტოდა იერუსალჱმდ.
და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახლი დავითისი მოდღენდელად დღემდე.
და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, ვითარმედ მოიქცა იერობუამ, მიავლინეს და მოიყვანეს იგი ერმან და დაადგინეს იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა, და არა ვინ შეუდგა სახლსა მას დავითისსა, გარნა ნაწილი იგი ხოლო იუდასი და ბენიამენისი.
და რობუამ მივიდა იერუსალიმდ. და შეიკრიბა ერი იგი იუდასი და ნაწილი იგი ბენიამენისი ას და ოთხმეოც ათას მამაკაცი ჭაბუკი მბრძოლი წყობად სახლსა მას ისრაჱლისასა, რათა მოაქციოს რობუამ მეფობაჲ თჳსი, ძემან სოლომონისმან.
და იყო სიტყვა უფლისა სამესა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:
ეტყოდე რობუამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდასსა, და ყოველსა მას სახლსა იუდასსა და ბენიამენისასა და ნეშტთა მათ ერისათა და ჰრქუა.
ესრე იტყჳს უფალი: ნუ განხვალთ და ნუ სცემთ წყობასა ძმათა მათ თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, და მოიქეცით თჳთეულად სახიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო საქმე იგი. და ისმინეს სიტყუაჲ იგი უფლისა და დააცადეს ზედამისლვა იგი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.
და აღაშენა იერობუამ სიკიმი მთათა მათ ეფრემისათა და დამკჳდრებულ იყო მას შინა და გამოვიდა მიერ და აღაშენა ფანუველი.
და თქუა იერობუამ გულსა თჳსსა: აჰა, აწ მიიქცეს მეფობაჲ ჩემი სახლსა მას დავითისასა.
უკუეთუ აღვიდეს ერი ესე შეწირვად შესაწირავისა სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმდ და მოიქცეს გული ერისა ამის ღმრთისა და უფლისა მიმართ თჳსისა, რობუამ მეფისა იუდასა, და მომკლან მე და მიიქცენ რობუამ მეფისა იუდისასა.
და იზრახა მეფემან და მივიდა და ქმნნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი და ჰრქუა ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვა იერუსალემად. აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა!
და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანსა.
და ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად და მივიდოდა ერი იგი წინაშე ერთისა მის ვიდრე დანად.
და ქმნა იერობუამ სახლნი ზედა მაღალთა მათ და დაადგინნა ქურუმნი, ნაწილი ერთი ერთისა მისგან, რომელნი არა იყუნეს სახლისა მისგან ლევისა.
და ყო იურობუამ დღესასწაული თთვესა მას მერვესა, დღესა მეათხუთმეტესა მისვე თთჳსასა, და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, შეწირვად დიაკეულთა მათ მიმართ, რომელ ქმნნა და დაადგინნა ბეთელს ქურუმნი მაღალთა მათ, რომელ ქმნნა.
და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, დღესა მეთხუთმეტესა, თვესა მერვესა, მის დღესასწაულისასა, რომელ იზრახა გულით თჳსით და უყო დღესასწაული ძეთა მათ ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზედა შეწირვად.