მოციქულთა საქმენი, თავი 7
მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.
„მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“.
და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.
მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.
ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები.
მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.
გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული.
ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.
გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.
როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში
იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.
ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.
ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი.
განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით.
ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა.
დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია.
ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს.
მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს?
მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი?
ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.
გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
„მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.
უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.
ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.
მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.
ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;
ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.
და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.
მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?
თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.
მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.
ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე.
მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.
სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
„ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?
ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას:
გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.
მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ.
და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი.
ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ.
და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას.
და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან – ათორმეტსა მათ მამათმთავართა.
და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა
და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა.
იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი.
ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად.
და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი.
და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა.
და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი.
და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს.
და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა,
ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები.
ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ,
რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად.
და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაჲთა და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა.
და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა,
და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი.
ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს.
კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას?
ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა?
ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი?
და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს ორ ძე.
და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ ალითია ცეცხლისაჲთა მაყულოვანით.
ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ:
მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად.
ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს,
ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ.
ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა.
ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ.
ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ.
ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა.
რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ.
ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას.
და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა.
მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო?
და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა.
კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა,
რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე დღეთადმდე დავითისთა,
რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი.
ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი.
არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს:
ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ?
ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი?
ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ.
რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით,
რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ.
ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა.
ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა.
და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა.
ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა;
და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე.
და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი.
დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.