ლოცვანი
აპლიკაცია

მოციქულთა საქმენი, თავი 21

1

მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას.

2

ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ.

3

გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.

4

მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.

5

იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.

6

ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ.

7

გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან.

8

მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.

9

ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.

10

კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.

11

ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.

12

ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს.

13

მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს.

14

რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!

15

და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ.

16

თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში.

17

იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.

18

მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც.

19

პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის.

20

ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს.

21

შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ.

22

მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.

23

ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს.

24

წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.

25

ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.

26

მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.

27

შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას

28

და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.

29

(ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).

30

შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.

31

როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.

32

დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.

33

მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო?

34

ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა.

35

კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.

36

ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!

37

ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი?

38

განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი?

39

პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო.

40

ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:

1

და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ – პატრად.

2

და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას.

3

ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი.

4

და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ.

5

და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს.

6

და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა.

7

და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე.

8

ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა.

9

ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი.

10

და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს.

11

და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა.

12

ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ.

13

მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა.

14

ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ!

15

შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ.

16

მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე.

17

მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა.

18

ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს.

19

და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა.

20

ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა და ჰრქუეს მას: ჰხედავა ძმაო, რაოდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე სჯულისა არიან.

21

ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა და არცა ჩუეულებათა ვიდოდიან.

22

რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ.

23

აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ.

24

ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნნენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა.

25

ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა.

26

მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.

27

ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი.

28

და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და სჯულისა და ადგილისა ამისთჳს ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ.

29

რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე.

30

აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი.

31

და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს.

32

ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი.

33

მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანნა იგი, და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს?

34

სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად.

35

და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა,

36

რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე!

37

და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაჲსამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მას ჰრქუა: ბერძლ იცია?

38

ანუ არა-მე შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი საკარიელნი?

39

ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაჲ, ტარსელი კილიკიისაჲ, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე; და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად.

40

და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ჴელი ერსა მას; და ვითარ მრავალი დადუმებაჲ იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყჳთა და ჰრქუა:

12345678910111213141516171819202122232425262728