მოციქულთა საქმენი, თავი 2
ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ.
ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ.
ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან?
როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით?
პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი,
ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი,
იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.
უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?
სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.
ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:
ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
„და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.
მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.
და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.
კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -
ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.
და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით.
რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად.
შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“.
კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე.
მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე,
ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.
მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.
ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.
ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.
ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.
შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.
დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,
ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას,
და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე.
და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა.
და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად.
ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე.
და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი.
განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ?
და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ.
პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი,
ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი,
კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!
ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე ჰნებავს ამას ყოფად?
ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.
ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი,
რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე.
არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ:
და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო,
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ.
და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ;
მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა.
და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.
კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით,
ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ,
რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ.
რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა,
ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი,
მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.
წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა.
წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი.
ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე;
მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის.
რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა.
განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.
ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო?
ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ.
რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან.
და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან.
და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ.
და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა.
და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა.
ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად.
და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა,
აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა.