მოციქულთა საქმენი, თავი 11
მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს
და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.
მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ:
ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა.
ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.
და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!
მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად.
და, აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი.
სულმა მითხრა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. ეს ექვსი ძმა მეახლა და იმ კაცის სახლში მივედი.
მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს;
ის გეტყვის სიტყვებს, რითაც ცხონდებით შენცა და მთელი შენი სახლიც.
ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.
თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი უბოძა მათ, როგორც ჩვენ, რომლითაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?
ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.
ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნილობის შედეგად გაფანტულებმა ფინიკიას, კიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს, მაგრამ იუდეველთა გარდა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას.
თუმცა მათ შორის კიპროსელები და კირენელებიც იყვნენ. რომლებიც ანტიოქიაში შესვლისას ბერძნებსაც ელაპარაკებოდნენ და ახარებდნენ მათ უფალ იესოს.
და იყო ხელი უფლისა მათთან, ასე რომ, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლის მიმართ.
ამ ამბავმა იერუსალიმის ეკლესიასაც მიაღწია და ანტიოქიაში წარგზავნეს ბარნაბა.
როცა მივიდა, იხილა მადლი ღვთისა, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში.
ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.
მერე ტარსოსს გაემართა სავლეს საძებნად, იპოვა და ანტიოქიაში ჩამოიყვანა.
მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები.
იმხანად იერუსალიმიდან ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი.
წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი და განაცხადა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყანაში, რაც ახდა კიდეც კლავდიუსის დროს.
მაშინ მოწაფეებმა, ვისაც რა შეეძლო, გადაწყვიტეს დახმარება გაეგზავნათ იუდეაში მყოფი ძმებისთვის.
ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.
ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი,
და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე.
ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა:
მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე,
რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი,
და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე.
და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა.
მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ.
ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად.
და აჰა მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა ვიყავ, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ.
და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარას ორგულებად. მოვიდეს ჩემ თანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა.
და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაჲ სახლსა შინა თჳსსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქჳან პეტრე,
რომელმან იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად.
და მომეჴსენა მე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა.
აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელთა-ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაჲ ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?
ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: უკუეთუ ნანდჳლვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ.
და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.
ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.
და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,
რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ.
რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.
და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.
და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.
ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალჱმით წინაწარმეტყუელნი ანტიოქიად.
და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აღაბოს, რომელი-იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ: სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა.
ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,
რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.