მოციქულთა საქმენი, თავი 20
შფოთის დაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გასწია.
იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა.
სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო.
ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე,
რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ.
ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით.
კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი.
ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.
რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო.
მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა.
ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას.
ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში.
იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ.
რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში.
მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო.
როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი.
ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვით.
არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის.
იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.
მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.
და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს.
ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში.
რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება.
მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.
რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.
მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.
ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.
არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან.
ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.
ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა.
ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს.
უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად.
და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად.
იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან. ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ.
და მის თანა ჰყვანდეს ვიდრე ასიადმდე სოსიპატრე პჳრესი, ბერიელი, და თესალონიკელი არისტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს.
ესენი წინა-წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა.
ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე.
და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე.
იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს.
აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა.
ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.
ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ.
ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ.
და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ.
ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.
ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა.
და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა,
და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა.
ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა.
და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა.
და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალჱმს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არაჲ ვიცი;
გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე.
არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ.
და აწ აჰა-ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა.
ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა.
რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ.
ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა.
და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა.
და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.
ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.
და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.
ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.
თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.
და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.
და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანდა და ილოცა.
იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას.
და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.