მარკოზის სახარება, თავი 8
იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:
მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი.
მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული.
მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება?
და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი.
მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს.
ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის.
ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი.
თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს.
გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.
და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?
მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის.
ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?
მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო.
მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.
გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.
წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე?
ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი.
კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე.
მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო.
ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?
ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:
მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.
და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.
და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?
და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი.
და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას.
და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად.
და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი.
და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.
და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალოჲსათა.
და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას.
და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.
და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო.
და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა.
და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა.
ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს.
და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ?
თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ?
ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.
და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ?
და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას.
და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს?
და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა.
და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა.
და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.
და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ?
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე.
და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს.
და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.
ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.
რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?
ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?
რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.