ლოცვანი
აპლიკაცია

მარკოზის სახარება, თავი 1

1

დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა.

2

როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას.

3

ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.

4

იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

5

გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.

6

ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს.

7

ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი.

8

მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

9

და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან.

10

წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე.

11

და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

12

და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.

13

ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.

14

ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას.

15

და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.

16

ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.

17

და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.

18

მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაჰყვნენ მას.

19

იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კემსავდნენ ნავში.

20

და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე, ნავში მყოფ მუშებთან ერთად, და გაჰყვნენ მას.

21

მივიდნენ კაპერნაუმს და მაშინვე, შაბათ დღეს, შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.

22

უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ, როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მწიგნობარნი.

23

იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეჰყვირა და თქვა:

24

რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ! გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდანო.

25

მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან.

26

შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღალი ყვირილით გამოვიდა მისგან.

27

განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?

28

და მალე მისი ამბავი კიდით-კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს.

29

სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა, იაკობსა და იოანესთან ერთად.

30

ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა. და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი.

31

მავიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა; მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.

32

ხოლო საღამოს, მზის ჩასვლისას, მიჰგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული.

33

და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი.

34

მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა რთავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას.

35

ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

36

თან გაჰყვნენ სიმონი და მასთან მყოფნი.

37

იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო.

38

და უთხრა მათ: წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისათვის მოვსულვარ.

39

დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკთ.

40

მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

41

შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა: მნებავს, განიწმინდე;

42

ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა.

43

მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი.

44

უთხრა: იცოდე ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ მათდა სამოწმებლად.

45

მაგრამ ის გამოვიდა, დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი; ასე რომ, იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო, და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.

1

დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ.

2

ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.

3

ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

4

იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

5

და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა.

6

ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა,

7

ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა.

8

მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.

9

და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა.

10

და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა.

11

და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

12

და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ.

13

და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას.

14

და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა

15

და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ.

16

ხოლო ვიდოდა რაჲ ზღჳს-კიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა სიმონ და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ ზღუასა მას ზედა, რამეთუ იყვნეს იგინი მესათხევლე.

17

და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა.

18

ხოლო მათ მეყსეულად დაუტევნეს ბადენი მათნი და მისდევდეს მას.

19

და მცირედ წარვიდა და იხილა იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, და იგინი განაგებდეს ბადეთა ნავსა შინა.

20

და უწოდა მათ. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ზებედე, მამაჲ მათი, ნავსა შინა მუშაკთა მისთა თანა და მისდევდეს მას.

21

და შევიდეს კაპერნაუმდ. და მეყსეულად დღესა შაბათსა შევიდა შესაკრებელსა მათსა და ასწავებდა მათ.

22

და განუკჳრდებოდა ერსა მას მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ასწავებდა მათ, ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელმწიფებაჲ, და არა ვითარ-იგი მწიგნობარნი მათნი.

23

და იყო კრებულსა მას შინა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, ღაღატ-ყო

24

და თქუა: ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოსრულ ხარ წარწყმედად ჩუენდა. გიცით შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.

25

შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან!

26

და დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განვიდა მისგან.

27

და დაუკჳრდებოდა ყოველთა, ვიდრე გამოძიებადმდე ურთიერთას, და იტყოდეს: რაჲ-მე არს მოძღურებაჲ ესე ახალი, რამეთუ ჴელმწიფებით სულთაცა არაწმიდათა უბრძანებს, და ერჩიან მას?

28

და განჴდა ჰამბავი მისი ყოველსა სოფლებსა გალილეაჲსასა.

29

და მიერ შესაკრებელით გამოვიდა და მოვიდა სახლსა სიმონისსა და ანდრეაჲსსა იოვანეს და იაკობის თანა.

30

ხოლო სიდედრი სიმონისი დავრდომილ იყო მჴურვალებითა. და უთხრეს იესუს მისთჳს.

31

და მოვიდა და უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი; და მეყსეულად დაუტევა იგი მჴურვალებამან მან, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

32

და ვითარ შემწუხრდებოდა, და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდეს მისა ყოველნი სნეულნი და ეშმაკეულნი

33

და ყოველი ქალაქი შეკრებულ იყო წინაშე კართა.

34

და განკურნნა ყოველნი ბოროტთაგან სენთა და თითო-სახეთაგან სნეულებათა და ეშმაკნი მრავალნი განასხნა და არა უტევებდა სიტყუად ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს იგი, ვითარმედ ქრისტე არს.

35

და განთიად რიჟურაჟუს ოდენ აღდგა და გამოვიდა მიერ და განვიდა უდაბნოსა ადგილსა და მუნ ილოცვიდა.

36

და მისდევდეს მას სიმონ და მისთანანი.

37

და პოვეს იგი და ჰრქუეს მას, ვითარმედ: ყოველნი გეძიებენ შენ.

38

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა დაბნებსა და ქალაქებსა, რაჲთა მუნ უქადაგოთ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.

39

და ქადაგებდა შესაკრებელთა მათთა და ყოველსა გალილეასა და ეშმაკთა განასხმიდა.

40

მაშინ მოუჴდა მას ერთი განკეთროვნებული, ევედრებოდა მას და მუჴლნი დაიდგინა და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედად ჩემდა.

41

ხოლო იესუს შეეწყალა იგი, განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი!

42

და ვითარცა ესე თქუა, მეყსეულად განეყარა მას კეთროვნებაჲ იგი, და განწმიდნა იგი

43

და შეჰრისხნა მას და მეყსეულად გამოაძო იგი

44

და ჰრქუა მას: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ მივედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, რომელი-იგი ბრძანა მოსე საწამებელად მათა.

45

ხოლო იგი გამოვიდა მიერ და იწყო ქადაგებად ფრიად და მიმოდადებად სიტყჳსა მის, ვითარმედ ვერღარა ჴელ-ეწიფა მას ცხადად ქალაქად შესლვად, არამედ უდაბნოთა ადგილთა იყოფვოდა. და მოვიდოდეს მისა ყოვლით კერძო.

12345678910111213141516