ლოცვანი
აპლიკაცია

მარკოზის სახარება, თავი 11

1

როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე

2

და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ.

3

ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო.

4

ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი.

5

ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს?

6

მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი.

7

მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი.

8

ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ.

9

წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.

10

კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა!

11

შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით.

12

ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;

13

შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.

14

და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა.

15

მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.

16

და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში.

17

ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

18

გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება.

19

შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა.

20

დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო.

21

გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა.

22

მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა.

23

რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.

24

ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ.

25

როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი.

26

ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

27

კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი.

28

და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა?

29

ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

30

ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ.

31

ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?

32

ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე.

33

ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

1

და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი

2

და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ.

3

და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.

4

ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი.

5

ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?

6

ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

7

და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა.

8

და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

9

და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა!

10

კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

11

და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.

12

და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.

13

და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.

14

და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.

15

და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.

16

და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.

17

და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

18

და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.

19

და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.

20

და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან.

21

და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.

22

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:

23

გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.

24

ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.

25

და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

26

ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.

27

და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

28

და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?

29

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:

30

ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31

ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

32

და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.

33

და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

12345678910111213141516