ლოცვანი
აპლიკაცია

მარკოზის სახარება, თავი 4

1

კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.

2

ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:

3

ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.

4

ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.

5

ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.

6

მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.

7

ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი.

8

ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.

9

და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

10

როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.

11

და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.

12

რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.

13

და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ?

14

მთესავი სიტყვას თესავს.

15

გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა.

16

ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;

17

მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.

18

ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან,

19

რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.

20

ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.

21

და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.

22

არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.

23

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!

24

და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ.

25

რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.

26

და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში.

27

სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.

28

რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში.

29

და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი.

30

და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?

31

ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად.

32

მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ.

33

ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.

34

ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.

35

იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო.

36

გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას.

37

ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი.

38

ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით?

39

მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.

40

და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?

41

ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

1

მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.

2

და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:

3

ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.

4

და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.

5

და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.

6

და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.

7

და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.

8

და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.

9

და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

10

და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?

11

ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად.

12

რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.

13

და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ?

14

რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს.

15

ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა.

16

და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან;

17

და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან.

18

და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან,

19

და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.

20

და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.

21

და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან?

22

რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.

23

რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

24

და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.

25

რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.

26

და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა

27

და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,

28

რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.

29

და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.

30

და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს?

31

ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.

32

და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.

33

და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად.

34

და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.

35

მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო.

36

და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა.

37

და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.

38

და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?

39

და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.

40

და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?

41

და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?

12345678910111213141516