ლოცვანი
აპლიკაცია

მარკოზის სახარება, თავი 5

1

გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.

2

ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,

3

რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,

4

ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.

5

დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.

6

შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.

7

შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!

8

რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!

9

და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.

10

და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.

11

იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.

12

უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო.

13

მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო.

14

ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა.

15

მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ.

16

ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.

17

და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო.

18

ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა.

19

მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.

20

ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.

21

როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას.

22

და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა.

23

გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს.

24

ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.

25

ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,

26

ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -

27

იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.

28

ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.

29

და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.

30

მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?

31

ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?

32

იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.

33

მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.

34

ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.

35

ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?

36

ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს.

37

და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.

38

მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი.

39

შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.

40

ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა.

41

ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ!

42

გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად.

43

იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.

1

და მოვიდეს წიაღ ზღუასა მას, სოფელსა მას ღადარინელთასა.

2

და ვითარცა გამოვიდა იგი ნავით, მეყსეულად მოეგებვოდა მას საფლავებისაგან კაცი, რომლისა თანა იყო არაწმიდაჲ სული,

3

რომელსა საყოფლადვე აქუნდა საფლავები და არცაღა ჯაჭუებითა ვის ჴელ-ეწიფა შეკრვად იგი.

4

რამეთუ მრავალ გზის ჯაჭჳთა და ბორკილითა შეკრულ იყო იგი და განხეთქის და შემუსრის, და არავის ეძლო დაყენებად მისა.

5

და მარადის ღამე და დღე საფლავებსა და მთათა გარე იქცევინ, ღაღადებნ და დაიკოდნ თავსა თჳსსა ლოდითა.

6

და ვითარცა იხილა მან იესუ შორით, მორბიოდა და თაყუანის-სცა,

7

ღაღადებდა ჴმითა დიდითა და იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუ მტანჯავ მე.

8

რამეთუ ეტყოდა მას იესუ: სული ეგე არაწმიდაჲ, განვედ კაცისა მაგისგან!

9

და ჰკითხა მას: რაჲ არს სახელი შენი? და ჰრქუა მას: ლეგეონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ.

10

და ევედრებოდა მას ფრიად, რაჲთა არა განასხნეს იგინი გარეშე სოფელსა.

11

და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ დიდძალი, მთასა გარე მძოვარი.

12

და ევედრებოდეს მას ყოველნი იგი ეშმაკნი და ეტყოდეს: მიმავლინენ ჩუენ ღორებსა იმას, რაჲთა მათა შევიდეთ.

13

და უბრძანა მათ. და განვიდა სულები იგი არაწმიდაჲ კაცისა მისგან და შევიდა ღორებსა მას. და მიიმართა კოლტმან მან ღორებისამან კბოდესა მას ზღუად, რამეთუ იყვნეს ვითარ ორ ათას და დაიშთვნეს ზღუასა მას შინა.

14

ხოლო მწყემსნი იგი მათნი ივლტოდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა. და გამოვიდეს ხილვად, რაჲ-ძი არს, რომელი-იგი იქმნა.

15

და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი, რომლისა თანა-იგი ყოფილ იყო ლეგეონი. და შეეშინა.

16

და უთხრობდეს მათ, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი იქმნა ეშმაკეულისა მისთჳს და ღორებისა მისთჳს.

17

და ევედრებოდეს მას, რაჲთა წარვიდეს საზღვართა მათთაგან.

18

და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს.

19

და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა.

20

და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა.

21

და წაიღჴდა რაჲ კუალად იესუ მიერ კერძო, შეკრბა მისა ერი დიდძალი. და იყო ზღჳს კიდესა.

22

და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

23

და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს.

24

და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

25

და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.

26

და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.

27

და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,

28

რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე.

29

და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

30

ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

31

ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

32

და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.

33

ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.

34

ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.

35

და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

36

ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო.

37

და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი.

38

და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი.

39

და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40

და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი და იგი ყრმაჲ.

41

და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

42

და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

43

და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

12345678910111213141516