ლუკას სახარება, თავი 9
მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა.
წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.
და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს.
რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე.
ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ სნეულთ.
გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა მკვდრეთით.
ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა.
ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა.
დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა.
მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვართ.
უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ ხალხს.
რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი.
ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი კალათი.
მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა, მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ:
რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს, ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო.
და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა.
მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო.
და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას.
რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს?
რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და წმიდა ანგელოზთა დიდებით.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.
და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და ელია,
დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმს.
ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.
ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა.
სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას.
და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი; მას უსმინეთ.
ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი ხალხი.
და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს.
შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს ნაგვემ-ნაწამებს.
შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქთ, მაგრამ ვერ შესძლეს.
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე.
ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა ყრმა და მისცა მამამისს.
უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა:
ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს.
მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა ბავშვი, წინ დაიყენა
და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.
მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვდევს.
უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის.
მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს წასასვლელად ებრუნა პირი.
ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ.
მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.
და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.
ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.
მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.
ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.
მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ.
და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა.
და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ.
და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით.
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა.
და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი, რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით.
ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს ესევითარი მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი.
და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ.
ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა.
და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი; გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი?
რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული.
და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი.
ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას.
და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი.
და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად?
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ.
ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის უთხრან ესე.
და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე.
რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს?
რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა ანგელოზთაჲთა.
გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ.
და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად.
და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე.
და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია.
რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს.
ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი.
და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა.
და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას.
და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ.
და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს.
და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით მოეგებვოდა მას ერი მრავალი.
და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და ჰრქუა: მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ მივის.
და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი, და მეყსეულად ღაღატ-ყვის, და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და შემუსრის იგი.
და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და ვერ შეუძლეს.
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: å ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე მე აქა ძე შენი!
და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაჲ იგი და მისცა მამასა თჳსსა.
და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა, და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა.
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ
გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა ამისთჳს. 46. შევიდა მათდა გულის-სიტყუაჲცა: ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის მათსა?
ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი წინაშე მათსა
და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ.
მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ.
ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს.
და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ.
და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას.
და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ.
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო?
მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?
რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა.
და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ.
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს.
ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა.
ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ.
ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან.
ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.