ლუკას სახარება, თავი 18
უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:
ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.
მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა.
იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,
და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.
მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?
უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.
მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.
და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,
ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს.
ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?
გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,
ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე,
ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.
გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა.
და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.
ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.
ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე!
უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა,
რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა:
რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ
და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი.
და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.
ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე?
უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.
და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას:
რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.