ლუკას სახარება, თავი 23
ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.
დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია?
როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო.
ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო.
ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.
მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას.
ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს.
და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ.
ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი
და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ.
და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას.
ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი.
მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა.
ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო.
კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა.
მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!
პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.
და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ.
გაუშვა ის, ვინც საპერობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას.
ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.
უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.
ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.
რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?
მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.
და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.
ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ
და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი.
იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.
ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.
მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ?
ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.
და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.
სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას.
და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,
რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი.
უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი.
ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.
და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.
ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა.
ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.
ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?
და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა.
ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.
და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.
დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.
ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.
და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.
ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას.
და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას.
და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა.
ვსწავლო იგი და განუტევო.
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.
ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,
რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა.
კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი.
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!
ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.
ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი.
მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა
და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა.
და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა.
და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.
რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს
მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!
რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?
მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.
და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.
ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.
და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ.
ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან
და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.
ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ?
და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა.
და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.
და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.
და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის.
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული.
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.
და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი;
ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.
ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი.
და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო.
და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.
შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა.
და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს.