ლოცვანი
აპლიკაცია

ლუკას სახარება, თავი 3

1

ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი;

2

ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში.

3

დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.

4

როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი.

5

ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება.

6

და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას.

7

და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას?

8

მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს.

9

ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

10

ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო?

11

მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.

12

მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?

13

მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.

14

მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

15

ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

16

მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით.

17

მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.

18

ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

19

ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,

20

ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.

21

როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა.

22

გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

23

ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა,

24

მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,

25

მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი,

26

მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი,

27

იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

28

მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა,

29

იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა,

30

სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა,

31

მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა,

32

იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა,

33

ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი,

34

იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,

35

სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი,

36

კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

37

მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა,

38

ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა.

1

წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა,

2

მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს.

3

და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა.

4

ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი.

5

ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად.

6

და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ.

7

და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?

8

ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა.

9

რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას.

10

და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ?

11

მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ.

12

მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ?

13

ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ.

14

ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი.

15

და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე,

16

მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.

17

რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა.

18

და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას.

19

ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე.

20

შესძინა ესეცა მას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა.

21

და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი,

22

და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ.

23

და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა,

24

მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა,

25

მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა,

26

მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა,

27

იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,

28

მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა,

29

იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა,

30

სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა,

31

მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა,

32

იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა,

33

ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა,

34

იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა,

35

სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა,

36

კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა,

37

მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა,

38

ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა.

123456789101112131415161718192021222324