ლუკას სახარება, თავი 12
ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.
როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,
რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი.
ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად?
და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.
და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?
და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?
ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.
და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით შევიმოსოთო;
ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი.
შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?
ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?
შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა შფოთავთ.
ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ.
ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.
გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.
ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.
იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.
ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.
მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.
ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?
და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?
ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.
მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,
მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.
ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.
ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.
მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!
ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები, ვიდრე აღსრულდება.
იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.
რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;
დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.
და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.
ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება.
თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის გარჩევა კი არ შეგიძლიათ?
ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის სამართლიანი?
როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე, გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.
გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ უკანასკნელ წვლილს.
რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.
ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.
ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ.
ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა.
არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.
და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.
და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,
რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.
ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა?
და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან.
და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი.
და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲ-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი?
და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი.
და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ.
ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?
ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის.
და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ სჭამოთ, და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ შეიმოსოთ,
რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა.
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა?
ვინ-მე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?
განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.
უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროჲს თქუენ, მცირედ-მორწმუნენო?
და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით,
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.
ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.
განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუყონ მას.
ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.
დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ?
და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა?
ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად.
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა.
ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.
ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.
ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!
ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!
ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად.
რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან.
განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან.
ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, და არნ ეგრეთ.
და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე იყოს, და არნ ეგრეთ.
ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?
ანუ რაჲსა თავით თჳსით არა სჯით სამართალსა?
რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ.
გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.