ლოცვანი
აპლიკაცია

ესთერი, თავი 9

1

მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოაწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა (იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრები აპირებდნენ მათ ძლევას, თუმცა პირუკუ კი მოხდა, იუდაელებმა ძლიეს თავიანთ მოძულეთ),

2

შეიკრიბნენ იუდაელნი თავ-თავის ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ თავიანთ მოსისხლეებზე. ვერავინ დაუდგა მათ წინ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა ყოველი ხალხი.

3

მხარეთა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, განმგებლებმა და სამეფო საქმეთა აღმსრულებლებმა პატივი მიაგეს იუდაელებს, რადგან მარდოქაის შიშისზარით იყვნენ მოცულნი.

4

რადგან დიდი იყო მარდოქაი მეფის სასახლეში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრი და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი, მარდოქაი.

5

დასცხეს მტრებს იუდაელებმა, გაწყვიტეს მახვილით და მოსპეს. როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანი მოძულეებს.

6

შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცეს და მოსპეს იუდაელებმა ხუთასი კაცი.

7

ფარშანდათა, დალფონი და ასფათა,

8

ფორათა, ადალია და არიდათა,

9

ფარმაშთა, არისაი, არიდაი და იეზათა. -

10

დახოცეს ჰამან ჰამადათას ძის, იუდაელთა მტრის, ათი ვაჟი, მაგრამ გასაძარცვავად ხელი არ აღუმართავთ.

11

იმავე დღეს მიუვიდა შუშანში, სატახტოში, მეფეს დახოცილთა სია.

12

უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.

13

თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ შუშანელ იუდაელებს იმის გაკეთება, რაც დღეს გააკეთეს - ხეზე ჩამოჰკიდონ ჰამანის ვაჟები.

14

თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.

15

შეიკრიბნენ შუშანელი იუდაელები ადარის თვეშიც, მეთოთხმეტე დღეს, და გაწყვიტეს შუშანში ასი კაცი, გასაძარცვად კი ხელი არ აღუმართავთ.

16

შეიკრიბნენ დანარჩენი იუდაელნი, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, დადგნენ თავის დასაცავად, რომ მოესვენათ მტრებისგან, და ამოხოცეს თავიანთი მოძულენი - სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი. მაგრამ გასაძარცვად ხელი არ აღუმართავთ.

17

ეს იყო ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე.

18

იკრიბებოდნენ შუშანის იუდაელები მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ლხინისა და სიხარულის დღედ გაიხადეს.

19

ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა.

20

დაწერა ეს ამბები მარდოქაიმ და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფს და შორს მყოფს,

21

რომ დაეწესებინათ ყოველწლიური ზეიმი ადარის თოთხმეტსა და თხუთმეტში,

22

რა დღეებშიც მოისვენეს იუდაელებმა მტრებისაგან და რა თვეშიც მწუხარება სიხარულით შეეცვალათ და გლოვა - ზეიმად, რათა ექციათ ეს დღეები ლხინისა და სიხარულის დღეებად, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნისა და ღარიბ-ღატაკთა მოკითხვის დღეებად.

23

მიიღეს იუდაელებმა, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს და რასაც სწერდა მათ მარდოქაი,

24

როგორ ჩაიფიქრა ჰამან ჰამდათას ძემ, აგაგიელმა, მთელი იუდაელობის მტერმა, იუდაელთა დაღუპვა და ჰყარა ფური, ანუ წილი, მათ გასაწყვეტად და გასანადგურებლად,

25

როგორ წარუდგა მეფეს სიტყვით, რომ ჩამოეღრჩოთ მარდოქაი. მაგრამ მის თავზე მოიქცა ავი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული და ხეზე ჩამოჰკიდეს იგი და მისი ვაჟიშვილები.

26

ამიტომაც უწოდეს ამ დღეებს ფურიმი, ფურის, ანუ წილის, სახელი. ამიტომაც თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ,

27

დაადგინეს და დაუწესეს იუდაელებმა თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულთ, რომ მოუშლელად ეზეიმათ ეს ორი დღე წლიდან წლამდე, დათქმულ დროს, დაწერილისამებრ,

28

ხსომებოდათ ეს დღეები და ეზეიმათ ყოველ თაობაში, ყოველ საგვარეულოში, ყოველ სამთავროში და ყოველ ქალაქში. ფურიმის დღეები ყოფილიყო ეს დღეები, არ გაუქმებულიყო იუდაელთა შორის და არ გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა.

29

დაჟინებით წერდნენ დედოფალი ესთერ აბიხაილის ასული და იუდაელი მარდოქაი, რომ შეესრულებინათ ეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე.

30

დაუგზავნა წერილები მთელს იუდაელობას, ახაშვეროშის სამეფოს ასოცდაშვიდ სამთავროში, მშვიდობისა და სიმტკიცის სიტყვები,

31

რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც დაუწესეს მათ იუდაელმა მარდოქაიმ და ესთერ დედოფალმა, როგორც თავად მათ დაუწესეს თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას - მარხვისა და მოთქმის დღეები.

32

ესთერის ბრძანებამ დააწესა ეს ფურიმი და წიგნშიც ჩაიწერა.

1

მეათერთმეტესა თთვესა, ათსამეტსა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, მიიწია წიგნები იგი მიწერილი მეფისაგან: მას დღესა შინა წარწყმდენ მტერნი ჰურიათანი.

2

და ყოვლისა ქალაქებისაგან და სოფლებისაგან შეკრბენ ყოველნი ჰურიანი შურის-ძიებად მტერთა მათ თჳსთა და წინააღდგომად. და არავის ძალ-ედვა დაყენებად მათდა ამისთჳს, რამეთუ ეშინოდათ ყოველთა ერთა ჰურიათა სიმრავლისაგან.

3

ამისთჳსცა ყოველნი მსაჯულნი და სპასპეტნი და მთავარნი სათნოეყვნეს ჰურიათა, რამეთუ იცოდენ დიდებაჲ მარდოქესი, ეშინოდათ მისგან, რამეთუ მეფისა პალატისა მთავარი იყო და პატივსა უყოფდეს მისთჳს.

4

..და აქებდენ სახელსა მარდოქესასა ყოველთა დღეთა და აღემატებოდა და ყოველთა ენა მეტყუელებდა...

5

ამისთჳსცა ჰურიათა ჰგუემეს და მოსრეს მტერნი თჳსნი, ვინათგანრაჲ უნდოდათ მტერთა მათთა მათთჳს.

6

და ამისა შემდგომად მოსრეს ჰურიათა შუშანს ქალაქსა მბრძოლთაგანი ხუთასი კაცი.

7

ფარასან და ნესტაინ, და დელფონ, და ფაგაფარ,

8

ნანაფარ, ათაბარას, და საბაქარ, და მარმასემ,

9

რუფეონ, არსეონ, და ზაბუფუთან,

10

ძენი ამანისნი, ძისა ამადოთელისა, ძისა ბარდაიასა, მტერნი ჰურიათანი, მოსწყჳდნეს.

11

და იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მათი მას დღესა შინა. მიეცა რიცხჳ მეფესა წარწყმედისა მათისა შუშანს ქალაქსა შინა.

12

მაშინ ჰრქუა მეფემან ესთერს: მოსწყჳდეს ჰურიათა შუშანს შინა ხუთასი კაცი, ხოლო გარეთ სოფელთა, რაოდენთა ვჰგონებ, რაოდენი მოსრნეს. აწ რაღასა მევედრები და გიყო შენ?

13

და ჰრქუა ესთერ მეფესა: მიეცნედ ჰურიათა გუამნი იგი ძეთა ამანისათა, რათა დამოჰკიდონ ძელსა ვიდრე მზისდასლვადმდე მსგავსად სჯულისა მათისა.

14

და უბრძანა ეგრე ყოფად მეფემან. და მისცნეს გვამნი იგი და დამოჰკიდეს ბჭეთა ზედა შუშანისა მზისა დასლვადმდე.

15

და შეკრბეს ჰურიანი შუშანს ქალაქსა მეათორმეტესა ადარისასა. მოსრეს ჰურიათა სამასი კაცი და იავარ არარაჲ ყვეს.

16

სხვათა მათ ებრაელთა, რომელნი იყვნეს სამეფოსა მისსა ქუეშე. თავთა თჳსთა შეეწეოდეს და მოსრნეს მტერნი მათნი შვიდი ათასი კაცი და ასი.

17

მეათოთხმეტესა ადარისასა, და განისუენოს მისვე თთჳსა მეათოთხმეტესა და განაწესეს დღე იგი დღესასწაულად სიხარულად და მხიარულებად.

18

და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ასოცდაშვიდთა სამთავროთა და შუშანს შინა, და ყვეს დღესასწაული მეათხუთმეტესაცა მისვე თთვისასა.

19

და უძღუნობდენ ძღუენსა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, რომელნი იყვნეს დაბნებსა, და რომელნი მკჳდრ იყვნეს დედაქალაქსა, და სადა ვინ დაკლებულ იყვნეს, და ჰყოფდესვე მას დღესასწაულად ვიდრე დღეინდელად დღედმდე და მიმდემ.

20

და დაწერა მარდოქე სიტყუანი ესე წიგნსა საჴსენებელსა და მიუძღვანეს ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეუფოსა ასვირეოს მეფისასა, რომელი არს არტაქსექს, რომელნი იყვნეს შორს და რომელნი იყვნეს მახლობელ,

21

დაწესებად წესნი ესე საგალობელად, სიხარულად, გოდებისა წილ და გლოვისა ყოფად მეათოთხმეტე და მეათხუთმეტე დღე თთჳსა მის ადარისა.

22

დღესასწაულად უფლისა, რამეთუ ამათ დღეთა შინა განისუენეს მტერთაგან მათთა. და თთვესა, რომელსა მიწერა ადარსა, რომელ არს იგრიკა, და უბრძანა ყოვლად ყოფა კეთილისა - დღედ ქორწილთა და სიხარულისა, რომელთა უძღუნობდეს ძღვენსა მეგობართა და გლახაკთა.

23

და შეიწყნარეს ჰურიათა, ვითარცა-იგი მიწერა მათ მარდოქე.

24

ვითარ-იგი ამან ამადათისი მაკედონელი ჰბრძოდა მათ და მოსცა რიცხვი და წილი განრყუნად მათდა.

25

ვითარ-იგი შევიდა მეფისა გამოთხოვად მარდოქესა, რათა აღაბას ძელსა და რაოდენს ჴელი შეჰყო ჰურიათა ზედა მოწევნად ბოროტისა, და ვითარ-იგი მიაქცია ღმერთმან მის ზედავე. და დამოჰკიდეს ძელსა იგი და შვილნი მისნი.

26

ამისთჳს ეწოდა დღეთა ამათ ფრურენ წელთათჳს, რამეთუ სიტყჳთა მათითა ნაწილთა ფრურე ჰრქვიან, სიტყუათა მათთჳს ამის წიგნისათა, რაოდენი ევნო ამისგან, და რაოდენი შეემთხვია მათ.

27

და ვითარ-იგი მოელოდეს ჰურიანი მოსრვასა მათ ზედა ნათესავისა მათისასა გამოსრულისა მის ბრძანებისა მათისათჳს. ამის გამო იყვნენ მათა.

28

დღენი ესე დღესასწაული თთვესა ადარისა, თოთხმეტსა მისვე თთჳსასა, კრებითა და სიხარულითა და მხიარულებითა ღმრთისაჲთა თესლითი თესლად ერსა შორის მისსა ისრაჱლისასა ჴსენებულად. საუკუნოდ აღესრულებოდენ თესლითი თესლამდე ქალაქსა შინა, სოფლებსა და დაბნებსა, და იმარხონ ყოველთა ჟამთა და ჴსენება მათი არა მოაკლდეს ნათესავისაგან მათის

29

და დაწერეს ესთერ დედოფალმან, ასულმან აბიაილისამან. და მარდოქე ჰურიამან წიგნი მეორე: ფრურე დიდი დღესასაწული არს.

30

დაწერილი იგი წარსცეს ყოველთა ჰურიათა ასოცდაშჳდთა სოფელთა ასჳრეოს მეფისათა, რამეთუ მშჳდობა არს.

31

და ესე დღე იპყრეს დღესასწაულად - დღედ მხიარულებისა. მარდოქე და ესთერ დედოფალმან დაამტკიცეს თავისა თჳსისა, რათა ყოველთა ჰურიათა იმარხონ დღე იგი სრულიად მარხვით და დაღადებით, რომელ არს ფრურე აღწერილი.

32

და ყოველივე აღწერილ არიან წიგნსა მას შინა, რომელ არს ესთერისა.

12345678910