ლოცვანი
აპლიკაცია

ესთერი, თავი 2

1

ამ ამბების შემდეგ, როცა დაუცხრა მეფე ახაშვეროშს რისხვა, გაიხსენა მან ვაშთი, მისი საქციელი და მასზე გამოტანილი განაჩენი.

2

თქვეს მეფის მხლებლებმა, მისმა მსახურებმა: მოუძებნონ მეფეს ლამაზი ყმაწვილი ქალები.

3

დააყენოს მეფემ ზედამხედველნი თავისი სამეფოს ყველა სამთავროში, რომ თავი მოუყარონ ყველა ლამაზ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარონ სადიაცო სახლში მეფის საჭურისს, დიაცთა მცველს ჰეგეს, რომელიც დაურიგებს მათ ფერუმარილს.

4

ქალწულმა, რომელიც თვალში მოუვა მეფეს, იდედოფლოს ვაშთის ნაცვლად. მოეწონა ნათქვამი მეფეს და ასეც მოიქცა.

5

იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტოში, სახელად მარდოქაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,

6

რომელიც გადასახლებული იყო იერუსალიმიდან იექონიასთან, იუდას მეფესთან, ერთად გადასახლებულთა შორის, რომელნიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გადაასახლა.

7

პატრონობდა იგი ჰადასას ანუ ესთერს, თავის ბიძაშვილს, რადგან არც მამა ჰყადა მას, არც დედა. ტანადი და პირმშვენიერი იყო ყმაწვილი ქალი. როცა დედ-მამა დაეხოცა, იშვილა იგი მარდოქაიმ.

8

როცა გამოაცხადეს მეფის ბრძანება და დადგენილება და თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილ ქალს შუშანში, სატახტოში, და ჩააბარეს ჰეგეს, მაშინ მიიყვანეს ესთერიც მეფის სახლში და ჩააბარეს ჰეგეს, დიაცთა მცველს.

9

მოეწონა მას ყმაწვილი ქალი, რომელმაც მადლი პოვა მის თვალში. სასწრაფოდ მიაცემინა მისთვის ფერუმარილი და კუთვნილი წილი, მიაჩენინა შვიდი რჩეული მხევალი მეფის სახლიდან და მხევლებთან ერთად სადიაცო სახლის უკეთეს სადგომში გადაიყვანა.

10

არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი ერი და სამშობლო, რადგან დაარიგა მარდოქაიმ, არ გაემჟღავნებინა.

11

ყოველდღე ჩაივლიდა ხოლმე მარდოქაი სადიაცო სახლის ეზოს წინ, ესთერის ჯანმრთელობისა და ამბის გასაგებად.

12

როცა მოუწევდა ყმაწვილ ქალს რიგი მეფე ახაშვეროშთან შესასვლელად თორმეტი თვის ბოლოს, როგორც დაწესებული იყო ქალებისთვის (რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა მათ დაზელვას: ექვსი თვე მირონის ზეთით და ექვსი თვე ბალსამონით და სხვა სადიაცო ნელსაცხებლებით),

13

მაშინ შევიდოდა ყმაწვილი ქალი მეფესთან. რაც არ უნდა მოეთხოვა, თან გაატანდნენ ხოლმე სადიაცო სახლიდან მეფის სახლში მიმავალს.

14

საღამო ხანს შედიოდა და დილით ბრუნდებოდა სხვა სადიაცო სახლში, შააბგაზის, მეფის საჭურისის და ხარჭათა მცველის ხელქვეით. მეტჯერ აღარ შედიოდა მეფესთან, თუ არ ინებებდა მეფე მის დაძახებას, თუ სახელდებით არ დაუძახებდა.

15

როცა მოუწია ესთერს, მარდოქაის ბიძის, აბიხაილის ასულს, რომელიც ნაშვილები ჰყავდა მას, მეფესთან შესვლის რიგმა, არაფერი მოუთხოვია, გარდა იმისა, რაც დაწესებული ჰქონდა ჰეგესგან, მეფის საჭურისისა და დიაცთა მცველისგან. ყველა მისი მნახველის თვალში მადლი ჰქონდა ნაპოვნი ესთერს.

16

მიჰგვარეს ესთერი მეფე ახაშვეროშს მის სამეფო სახლში მეათე თვეს, ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.

17

შეუყვარდა მეფეს ესთერი ყველა ქალზე უფრო, ყველა ქალწულზე მეტი მადლი და წყალობა ჰპოვა ესთერმა მის წინაშე. და დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი მეფემ და ვაშთის ნაცვლად გაადედოფლა.

18

გაუმართა მეფემ დიდი ლხინი თავის მთავრებსა და მორჩილთ, ლხინი ესთერის სახელზე და შეუმსუბუქა ტვირთი სამთავროებს და მეფურად გასცა საჩუქრები.

19

როცა მეორეჯერ მოუყარეს თავი ქალწულებს, სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი.

20

არ გაუმჟღავნებია ესთერს თავისი სამშობლო და ერი, როგორც დარიგებული იყო მარდოქაისგან. ახლაც ისევე ასრულებდა ესთერი მარდოქაის სიტყვას, როგორც მაშინ, როცა მის მეურვეობაში იყო.

21

იმ ხანებში, როცა სამეფო კარიბჭესთან იჯდა მარდოქაი, გაცოფდნენ ბიგთანი და თერეში, მეფის ორი საჭურისი, ზღურბლის მცველები და მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვა განიზრახეს.

22

შეიტყო ეს ამბავი მარდოქაიმ და აცნობა დედოფალ ესთერს, ხოლო ესთერმა მარდოქაის სახელით მოახსენა მეფეს.

23

გამოძიებული იქნა საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. ეს ყველაფერი ჩაიწერა მატიანის წიგნში მეფის თვალწინ.

1

შემდგომად სიტყუათა ამათ დასცხრა მეფე გულისწყრომისაგან და არღარა მოეჴსენა ვასტიანე. და დაეხსოვნა მას, რაოდენს-იგი იტყოდა, და ვითარ-იგი დასაჯა. და არასადა დედოფალ-ყო ფრიად.

2

და თქვეს მსახურთა მათ მეფისათა: უძიოთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალები ქალწულაები ქმნილკეთილ.

3

და დაადგინა მეფემან დაბნებისა მთავარნი ყოველსა სოფელსა სუფევისა მისისათა და გამოირჩიონ შუშანს ქალაქსა საქალოსა შინა ქალი ქმნულკეთილი. და მიეცნედ საჭურისსა მეფისასა, მცველსა დედათასა, და იღუწოდენ და მიეცემოდენ მათგან საწადელი, რომელთა განიბანნენ.

4

და დედაკაცი იგი, რომელიცა სთნდეს მეფესა, დედოფალ-ყოს იგი ვასტიანესა წილ. და სთნდა მეფესა.

5

და იყო კაცი ჰურია დამკჳდრებული შუშანს ქალაქსა და სახელი მისი მარდოქეოს, ძე იაირისა, ძისა სემეისი, ძისა კესეანისი, ტომისაგან ბენიამენისა,

6

რომელ წარტყვენილ იყო იერუსალიმით წარტყუენასა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელისასა ჟამთა იექონია, ძისა იოსიასა, მეფისა იუდასა.

7

და იყო მისა ყრმაჲ ქალი განზრდილი, ასული ამინადაბისა, მამისა ძმისა მისისა. და სახელი მისი ესთერ. ოდეს აღესრულნეს მამა-დედანი მისნი, განსწავლა იგი და განზარდა თავისა თჳსისა ცოლად. და ზრდიდა მას მორწმუნედ, რამეთუ იყო ყრმაჲ იგი შუენიერ ხილვითა და კეთილ პირითა

8

ოდეს განისმა ბრძანება მეფისა, შეკრიბეს ქალები მრავალი შუშანს ქალაქსა, ჴელთა გოგესათა. და მოიყვანეს ესთერცა ბოგე საჭურისისა და მცველისა მის დედათასა.

9

და შეიყვანეს იგი ტაძრად მეფისა; იხილა რაჲ გოგე საჭურისმან და სთნდა იგი უფროს ყოველთა დედათა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობა წინაშე საჭურისისა მის. და ისწრაფდა ზედდგომად მისსა და მიცემად მას საცხებელსა განსაწმედელსა და როჭიკსა. და შვიდნი იგი ქალნი, რომელნი განჩინებულ იყვნეს მისა მეფისაგან, ჰმსახურებდენ მას კეთილად

10

და არა უჩვენა მათ ესთერ ნათესავი, არცა სოფელი, რამეთუ მარდოქეოს ამცნო მას, რათა არა უთხრას.

11

და დღითი დღე გარეუვლიდა მარდოქეოს სახლთა მათ ქალწულთასა, რაჲ-ძი შეემთხჳოს ესთერს.

12

და იყო ჟამი ქალისა შეყვანებად წინაშე მეფისა, რაჟამს აღესრულნენ თთვენი ათორმეტნი, რამეთუ ესრეთ აღასრულებდენ დღეთა მათ მსახურებისათა: ექუს თთვე სცხებდენ მუროვანსა ზეთსა და ექუს თთვე ნელსაცხებელსა განსაწმედელსა.

13

და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.

14

მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.

15

და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.

16

და შევიდა ესთერ წინაშე არტაქსეს მეფისა მეათორმეტესა თთვესა, რომელ არს ადარი, მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა.

17

სთნდა მეფესა ესთერ და პოვა მადლი უფროს ყოველთა მათ ქალწულთა, რამეთუ იყო იგი წარჩინებულ წინაშე მისსა.

18

და ყო მეფემან სმა ყოველთა თანა მეგობართა თჳსთა შვიდ დღე და ადამაღლა ქორწილი ესთერისი და განცხრომა ყო და ყოველთა მიანიჭა საბოძვარნი მრავალნი, ვითარცა შვენოდა დიდებულებასა მისსა.

19

და შეკრიბნა ქალწულნი და დაადგინა მარდოქე მეკარედ ეზოსა მეფისასა.

20

ხოლო ესთერ არა უთხრა მეფესა სოფელი თჳსი, ვინა არს, რამეთუ ესრეთ ამცნო მარდოქეოს, რათა ეშინოდეს ღმრთისა და ჰყოფდეს ბრძანებასა მისსა, რომელი-იგი მოსეს მიერ ამცნო ისრაჱლთა, და ესთერ არა ცვალა წესი თჳსი.

21

ხოლო შეწუხნეს ორნი საჭურისნი მეფისანი, რომელნი იყვნეს მთავარნი მჴმილავთანი ამისთჳს, რამეთუ შური დიდი ჰქონდათ მარდოქესი წარჩინებისათჳს მისისა მეფისა მიერ და ამისთჳს განიზრახეს მოკლვა მეფისა ასვირეოსისა.

22

ხოლო ცნა მარდოქე განზრახვა ესე და აუწყა ესთერს, ხოლო ესთერ მიუთხრა მეფესა განზრახვა იგი სიკუდილისა მისისა.

23

ხოლო მეფე აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა შეპყრობა მათ ორთავე და დამოჰკიდა იგინი ძელსა. და ბრძანა წიგნთა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ სარწმუნო ექმნა მეფესა მარდოქეოს.

12345678910