ლოცვანი
აპლიკაცია

ესთერი, თავი 8

1

იმ დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს ჰამანის სახლი, იუდაელთა მტრისა. მარდოქაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუცხადა ესთერმა, თუ რა იყო იგი მისი.

2

წაიძრო მეფემ ბეჭედი, ჰამანისთვის წართმეული, და მისცა მარდოქაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად დაადგინა მარდოქაი.

3

კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხქვეშ და ატირდა. ემუდარებოდა გაეუქმებინა ჰამან აგაგიელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული.

4

გაიშვირა მეფემ კვერთხი ესთერისკენ და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.

5

თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად.

6

რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვას, როგორ ვუყურო ჩემი მშობლიური ხალხის განადგურებას?

7

უთხრა ბეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მარდოქაის, იუდაელს: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოვკიდე, რადგან იუდაელებზე აპირებდა ხელის აღმართვას.

8

ახლა დაწერეთ, რაც გინდათ. დაწერეთ იუდაელთა გამო მეფის სახელით და სამეფო ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი.

9

მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს, მეფისნაცვლებს, მხარეთა განმგებლებსა და მთავრებს - ინდოეთიდან ქუშამდე, ასოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.

10

დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, დაბეჭდა სამეფო ბეჭდით და დააგზავნა წერილები ცხენოსანი შიკრიკების, სახელმწიფო ცხენსაშენში ნაშობ რაშებზე ამხედრებულთა ხელით,

11

რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება,

12

ერთი დღის მანძილზე მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს.

13

წერილის პირი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში, ხალხისთვის გამოსაცხადებლად, რომ მზად ყოფილიყვნენ იუდაელები ამ დღისთვის მტერზე შურის საძიებლად.

14

სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.

15

გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.

16

იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა.

17

ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.

1

მას დღესა შინა მიანიჭა ასვირეოს მეფემან ესთერს, რაოდენი მიენიჭა ამანისთჳს, და ყოველი მონაგები ამანისი. და ჰრქუა მეფემან ესთერს და მარდოქეს: რომელმან განმარინე მე ჴელთაგან მათ საჭურისთასა, და მისი ეზრახა წარწყმედა და არა იცოდა, რამეთუ მამა ჩემი არს. და მოუწოდა მარდოქეს მეფემან, რამეთუ უთხრა ესთერ მეფესა, ვითარმედ თჳსი მისი არს

2

და მოიღო ბეჭედი მეფემან იგი, რომელი მიეღო ამანს, და მისცა იგი მარდოქეს. და დაადგინა ესთერ მარდოქე ყოველსა ზედა ხვასტაგსა ამანისასა.

3

ხოლო მეფემან მოიყვანა მარდოქე. და დაადგინა ყოველსა ეზოსა თჳსსა. ხოლო ესთერ და მარდოქე ეტყოდეს მეფესა და შეუვრდეს ფერჴთა. და ევედრებოდეს, რათა მოისპოს ბოროტი იგი ამანისი და რაოდენი-იგი უყო ჰურიათა.

4

და განირთხა მეფემან კვერთხი იგი და ოქროჲსა ქედსა ზედა ესთერისასა. და აღდგა ესთერ და წარდგა წინაშე მეფისა და ითხოა მისგან.

5

და თქუა ესთერ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა და უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიავლინე და მოაქციე როარტაგები, რომელი წარსცა ამან დაწერილი წარწყმედისათჳს ჰურიათასა, რომელნი არიან სამეფოსა შენსა,

6

ვითარმედ უკუე ვიხილო ძჳრი ერისა ჩემისა და ვითარ ძალ-მედვას. ცხორებად წარწყმედისა მამულისა ჩემისა?

7

და ჰრქუა მეფემან ესთერს: უკუეთუ ყოველივე მონაგები ამანისა მიგანიჭე თქუენ და იგი აღვაბი ძელსა, რამეთუ ჴელნი მისნი განყვნა ჰურიათა ზედა (რაღასა ეძიებთ?)

8

მისწერეთ თქუენცა სახელითა ჩემითა, ვითარცა გნებავსთ, დაბეჭდეთ ბეჭდითა ჩემითა, და არარა არს მათი სიტყჳს-გება.

9

და მოუწოდეს მწიგნობარსა პირველსა მას თთვესა ნისანსა, რომელ არს ვარდობისა, ოცდასამსა მის თთჳსასა და მიუწერეს ჰურიათა, რაოდენი უბრძანა მეფემან მნეთა და მთავართა სოფლებისათა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშვიდთა მათ სამთავროთა სოფლად და სოფლად მათისაებრ ენად-ენადისა

10

და დაიწერა ბრძანებითა მეფისათა და დაბეჭდეს ბეჭდითა მისითა და მიუძღვანეს წიგნები იგი მალემსრბოლთაგან, რამეთუ იდგნენ ჰურიანი მტკიცედ და უბიწოდ

11

ყოფად სჯულითა მათითა. და შეეწიენით მათ და იჴმიენით წინა-აღმდგომნი მათნი და მბრძოლნი, ვითარცა მათ უნდეს, ერთსა შინა დღესა ყოველსა სამეფოსა ასვირეოს მეფისასა.

12

მეათსამეტესა დღესა თთჳსა მის მეათერთმეტისასა, თთვესა ადარსა, რომელ არს იგრიკა, დაწერეს ქუემოდაწესებული იგი წიგნი, რომლისა სახე ესე არს.

13

და ესე წიგნები მიმოედევინ თუალთა აღხილულად წინაშე ყოველთა ადგილთა სამეფოთა. და განმზადებულ იყუნედ ყოველნი ჰურიანი ამის დღისა ბრძოლისად მათდა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მათ ბრძოლად.

14

და მივლინებულნი იგი მიიწივნეს სწრაფად, რომელნიცა მეფისა მიერ განწესებულ იყვნეს, ეგრეთვე მსგავსად შუშანსაცა შინა მიმოსდვეს ბრძანება ესე.

15

ხოლო აღმჴედრებულნი იგი განვიდეს მსწრაფლ მეფისა ბრძანებასა აღსრულებად. და მარდოქე გამოვიდა სამეუფოთა შემოსილი სამოსლითა ძოწეულითა და გვირგვინი ოქროსი თავსა მისსა. ვითარცა იხილეს იგი რომელნი იყვნეს შუშანს შინა, განიხარეს ჰურიათა.

16

და იყო ნათელ დიდ და მხიარულება ქალაქებსა და დაბნებსა,

17

ვიდრეცა მიეცა ბრძანება იგი, იყო სიხარულ და სუმა და განცხრომა ჰურიათა. და მრავალნი წარმართთაგანნი წინადაიცვეთდეს და ჰურია იქმნებოდეს. და არავინ წინაღუდგებოდა მათ, რამეთუ ეშინოდათ ჰებრაელთაგან.

12345678910