ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე მეფეთა, თავი 9

1

თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?

2

ჰყავდა საულის სახლს მორჩილი, სასელად ციბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენა ხარ ციბა? მიუგო: გახლავარ, შენი მორჩილი.

3

უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი.

4

უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო ციბამ მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.

5

გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან.

6

მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!

7

მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია; წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ ყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.

8

თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?

9

მოუხმო მეფემ ციბას, საულის მორჩილს, და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია.

10

დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას.

11

უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებს შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე როგორც ერთი უფლისწულთაგანი.

12

პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ.

13

ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.

1

დღესა შინა ერთსა ბრძანა დავით, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისასა, რათამცა ვყო მისთჳს წყალობაჲ იონათანის გამო?

2

სახლისაგან საულისა დაშთომილ იყო მსახური ერთი და სახელი მისი სიბა. და მოიყვანეს იგი წინაშე დავითისა და ჰრქუა მას მეფემან: შენ ხარ ყრმა იგი სიბა? ხოლო მან თქუა: მე ვარ მონა შენი.

3

და ჰრქუა მას მეფემან, ვითარმედ: და-თუ-ვინ-შთომილ არს სახლისა მისგან საულისა, რათამცა ვყავ მის თანა წყალობა ღმრთისა? მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: არს ძე იონათანისა ერთი, მკელობელი ფერჴითა.

4

და ჰრქუა დავით: სადა არს იგი? და ჰრქუა მას სიბა: სახლსა მაქირისსა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

5

და წარავლინა დავით მეფემან და წარმოიყვანეს იგი სახლით მაქირისა, ძისა ამიელისა, გაბარეველისა.

6

და მოვიდა მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისა, მეფისა თანა დავითისა, დავარდა იგი პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მას დავით: შენ ხარ მემფიბოსთე? ჰრქუა მას მემფიბოსთე: აქა ვარ მონა შენი.

7

და ჰრქუა მას დავით: ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვყო წყალობაჲ იონათანისა, მამისა შენისათჳს და მოგცე შენ ყოველი სამკჳდრებელი საულისი, მამისმამისა შენისა, და პურისმტე იყო ტაბლასა ჩემსა მარადის!

8

მაშინ თაყუანი-სცა მას მემფიბოსთე და ჰრქუა: რა ვარი მე, მონა ესე შენი, რამეთუ მომხედე მე, ძაღლსა ერთსა მკუდარსა, მიმსგავსებულსა ჩემსა?

9

და მოუწოდა დავით მეფემან სიბას, მონასა მას საულისა, და ჰრქუა: ყოველი, რაცა იყოს მონაგები საულისი, და ყოველი სახლი მისი მიმიცემიეს მე ძისა უფლისა შენისასა!

10

და აწ მუნ იქმოდე ქუეყანასა ძით და მონით შენითურთ და დაუკრიბე უფალსა შენსა ნაყოფი, უქმოდე მას უნჯსა და დაუკრებდ, და მემფიბოსთე, ძე უფლისა შენისა, ჭამდეს მარადის ტაბლასა ჩემსა! და სიბას ესხნეს ათხუთმეტ ძე და ოც მონა.

11

მიუგო სიბა მეფესა და ჰრქუა: ყოველი, რაცა მიბრძანოს უფალმან ჩემმან მონასა ამას თჳსსა, იგიცა ვყო! მემფიბოსთე მარადის ჭამდა ტაბლასა ზედა მეფისასა, ვითარცა ერთი შვილთა მისთაგანი.

12

და მემფიბოსთეს ესვა ძე ერთი მცირე, სახელი მისი მიქა, და ყოველი სამკჳდრებელი სიბასი ჰმონებდა მემფიბოსთეს.

13

და მემფიბოსთე დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს, რამეთუ მარადის ჭამდა ტაბლისაგან მეფისა. და იგი იყო მკელობელი ორითავე ფერჴითა.

123456789101112131415161718192021222324