მეორე მეფეთა, თავი 8
ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.
დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერ რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი ევფრატზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
გაითქვა სახელი დავითმა ჩვიდმეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე.
დააყენა ედომში ხელისუფალნი; მთელს ედომში დააყენა ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.
იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
და იყო, ამისა შემდგომად მოსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ, მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან უცხოთესლთასა.
და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განზომდა ქუეყანასა, რამეთუ დასძინა მათ ქუეყანასა ზედა, და წარჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამე იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყუნეს ნეშტნი იგი მოაბისნი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა.
და მერმე დავით მოსრა ადრაზარ, ძე როამისი, მეფისა მის სუბელისა, რამეთუ ერი შეიკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრატისასა.
და წარმოიღო მისი ათასი ეტლი ტყუედ და შჳდ ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკუირცხლი ფაროსანი. და დაჴსნა დავით ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეფოდ.
მას ჟამსა მოვიდა ასურასტანელი დამასკით შემწედ ადრაზარ, მეფისა მის სუბელისა. მერმე მოსწყჳდა დავით ასურასტანელისა მის ოცდაორათასი კაცი სპარაზენი.
და დადვა დავით ადგილ-ადგილ მცველნი სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკით კერძოსა და ყოველი ასურასტანელნი მონად დაიმორჩილნა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.
და მოუხუნა დავით სალტენი იგი ოქროსანი, რომელი ესხნეს მონათა ადრაზარისთა, მეფისა მის სუბასასა, მოიღო იერუსალიმად,
მასბაკით და სხუათა მათგან ქალაქთა რჩეულთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან სპილენძი დიდძალი, რომელი-იგი იჴმარა სოლომონ, ძემან დავითისამან, რამეთუ ამისგან შექმნნა ტაბლა იგი და სუეტნი და ემბაზნი ღა ყოველნი ჭურჭელნი.
და ვითარცა ესმა ესე თოუ მეფესა მას ემათელთასა, რამეთუ მოსრნა დავით ყოველნი ძლიერნი ადრაზარისნი,
მიუვლინა მათ თოუ იედორა, ძე თჳსი, დავითს მეფესა კითხვად მშჳდობისა და აკურთხა იგი, რამეთუ ადრაზარ მარადის მჴდომ იყო თოუვისა. მოვიდა იედორა დავითისა დიდითა ძღუნითა: ოქროთა და ვერცხლითა და მრავლითა ჭურჭლითა სპილენძისათა.
და წაიღო იგი დავით მეფემან და მიუპყრა ღმერთსა ოქრო-ვერცხლით და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი მოიღო ქალაქთა მათგან მძლავრობით.
ედოელთასა და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა ერისა მისგან ამალეკთასა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარისი, ძისა რუბისა, მეფისა მის სუბელისა.
და კუალად განითქვა სახელი დავითისი, ოდეს დაიპყრა სირია და შემოიქცა მუნით ჴევსა მას მარილოვანსა, სადა მოსწყჳდნა ცხრამეტნი ათასნი.
და დადვა დავით მცველნი ყოველთა ზედა იდუმელთა. და იყუნეს ყოველნი მკჳდრნი იდუმიასანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითსა ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.
და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა სამართალსა და მსჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა.
და იოაბ, ძე შარველისი, ერისთავი იყო ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა. და იყო, იოსაფატ, ძე აქიასი, მწიგნობარ იყო.
და სადუკ, ძე აქიტობისი, და აქიმელექ, ძე აბიათარისი, იყუნეს მღდელად მისა, და ასა მწიგნობართმოძღუარი.
და ბანია, ძე იედაესი, თანამზრახველ და ოფელტი და ქერეთი და ძენი დავითისნი ეზოსმოძღუარ იყუნეს.