მეორე მეფეთა, თავი 23
ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:
უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.
მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი.
განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?
უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება.
ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.
აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა.
შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,
ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.
ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას ჰქონდა მეტი სახელი ამ სამში.
ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ ეცილებოდა.
ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
ეს გააკეთა ბანაიჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის.
ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ პირველ სამს ვერ ეტოლებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,
შამა ხაროდიელი, ელიკა ხაროდიელი,
ხელეც ფალეტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყეღი,
აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათიელი,
ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი,
ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან;
ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან,
აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი;
ელიახბა შაყალბონელი, ბენე-იაშენი, იონათანი,
შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი,
ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი,
ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი,
იგად ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი,
ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბიბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
და ესე სიტყუანი არიან დავითის აღსასრულისანი და სარწმუნო არს დავით, ძე იესესი, და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ დაადგინა უფალმან ცხებული ღმრთისა იაკობის ზედა. და შუჱნიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისა.
რამეთუ სული უფლისა იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მისისანი ენასა ჩემსა.
და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.
ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.
რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.
რომელნი აღმოსცენდეს, ვითარცა ეკალნი და სხუანი, ვითარცა გამონაფრეწნი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოფრიწის.
უკუეთუ ვისმე ენებოს მოფხურად, რკინა შემზადონ ძელითურთ და ყოველივე ცეცხლით შეიწუნენ არარადმდე.
ესე სახელები არს მთავართა მათ და ერისთავთა დავითისათა: იებოსთე ქანანელი, მთავარი ერისა ნაწილთა, აქინომ ანელისთა, რვაასთა მათ ზედა წყლულთა ერთბამად.
ამისა შემდგომად ელიაზარ, ძე მამისძმისა მისისა სოვსელისა, სამთა მათ შორის ერისთავთა. ესე იყო დავითის თანა მესერანს, ყუედრებად ამისა, და უცხოთესლნი იგი მოკრებილ იყუნეს მუნ ბრძოლად.
და მო-ხოლო-ვიდეს ისრაიტელნი მათ ზედა და ელიაზარ მათ თანა და მოსწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომამდე და დაეკრა ვადა ჴლმისა მისისა ჴელსა მისსა. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი იგი ერი მიექცა ნატყუენავსა მას ზედა მტერთასა.
და ამისა შემდგომად სამაა, ძე ეილასი რაქიანი და კუალად შეკრბეს უცხოთესლნი იგი და იყო მუნ ოსპნი თესული ახალჴნული; და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლთა მათგან.
და შევიდეს უცხოთესლნი იგი ჴნულსა მას ოსპისასა; და ერი იგი დავითისი გარემოექცა და მოსწყჳდნეს უცხოთესლნი იგი. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა.
და ჩამოვიდეს სამნი კაცნი სამთა მათგან გუნდთა დავითისთა ქვაბსა მას ოდოლამისასა და უცხოთესლნი იგი მძჳნვარედ განწყობილ იყუნეს უბესა მას ტიტანელთასა.
და დავით დგა კლდისპირსა მას თანა, და უცხოთესლნი იგი იყუნეს მას ოდენ ჟამსა ბეთლემს.
გულმან უთქუა დავითს და თქუა: ვინმცა მასვა მე წყალი წყაროსა მისგან ბეთლემისასა, რომელ არს ბჭეთა თანა?
და გუნდსა მას უცხოთესლთასა შეეცვა ბეთლემი და კაცნი იგი, რომელ მოვიდეს სამნი გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთა, და მივიდეს და მოართუეს წყალი იგი ბეთლემისა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა, ხოლო დავით არა სვა წყალი იგი, არამედ მოიღო იგი, აპკურა წინაშე უფლისა.
და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ეგე, ვითარმცა შევსვენ სისხლნი და სულნი კაცთანი წყალსა ამას თანა! ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა.
და აბესა, იოაბის ძმა, ძე შაროელისი, მთავარი სამთა მათგანი, იახოვნა, განმარტა ჰოროლი თჳსი და მოწყლნა სამასი ახოვანი ერთსა მას შერევასა მისსა.
და ესე ოდენ უმჯობეს იყო ერთისა მათგანისა ორთა მათ უდიდებულეს. და იყო მათა მთავარ, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა.
და ბანეა, ძემან იოადისამან, ძისა ახოვანისა კაცისამან, მრავალი საქმე ქმნა უფროს გაბასაელისა. რამეთუ მან მოსწყჳდნა ორნი იგი ძენი ადრიელის მოაბელისნი. და ესე გარდაჴდა და მოკლა ლომი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.
და მან მოკლა ეგჳპტელი იგი კაცი საშინელი და მჴნე და ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა ეგჳპტელსა მას ოროლი და ბუნი ოროლისა მისისა იყო, ვითარცა დირე ჴიდისა. და მით ოროლითა გამოუჴდა ეგჳპტელი იგი და ესე მიეგებოდა. და მოუღო ოროლი იგი ეგჳპტელსა მას და მისითავე ოროლითა განგურიმა ეგჳპტელი იგი.
და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისამან.
და მისი სახელი უმჯობეს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა და უდიდებულეს, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა, რომელნი სცვიდეს მას და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისათა:
ასაელ, ძმა იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნალ, ძე ელიუდისი, მამისძმისა მის ბეთლემელისა,
სამეე რუდელი, სელომ კელოთელი,
ქალეს ფალემელი, ირას ძე, ესკათისა თეკველი,
აბეზერ ანათოთელი, მოაბან ოსითელი,
სელიმონ აოთელი, მაარა ნეთაფათელი,
ელედ, ძე ბანიასი, ესე იგი არს ნეტოფიტელი, ითი, ძე რაბასი, გაბათელის ძენი ძეთაგან ბენიამენისთა,
ბანია ფარათონელი, ედაი მდინარისა გაასას,
აბაბონ არბატიტელი, ძმათაგან ბერომეველთა,
ელიაბ სალაბონელი, ძენი იესესნი იონათანისანი,
სემ ორორეველი, აიამ, ძე სარარისი, არორიტელი,
იელფელეთ, ძე აზბაისი, ძეთა მავეთეველთა, ძე ელიასი, აქიტობელ გელანიტელი,
ესრი კარმეითეველი, ფარია არაბელი,
აგალ ათიასი, საობიტელისა ბონი გაადელი.
სელეკ ამონელი, ნარა ბეოტელი, მჴედარი იოაბისი, ძენი სარვეინისნი.
ირაითიტრეს გარებელი, ესე იგი არს იეთიტრე,
ჰურია ქეტელი, ესე ყოველი კაცნი ოცდაჩჳდმეტ იყო.