ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე მეფეთა, თავი 22

1

წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.

2

თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!

3

ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!

4

უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.

5

მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,

6

შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.

7

ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.

8

შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.

9

ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.

10

მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ.

11

ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.

12

კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.

13

მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები.

14

ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა.

15

ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი.

16

გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.

17

ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.

18

მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს.

19

ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.

20

ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.

21

მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.

22

რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის.

23

რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია.

24

წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.

25

გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში.

26

მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.

27

უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი.

28

დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.

29

რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.

30

რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.

31

წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.

32

რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა?

33

ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი.

34

ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს.

35

საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი.

36

ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს.

37

შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები.

38

მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.

39

ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.

40

შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.

41

მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.

42

აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს.

43

მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ.

44

შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.

45

უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,

46

უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.

47

ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,

48

ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,

49

მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი.

50

ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი.

51

ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე!

1

მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,

2

და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე.

3

ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან.

4

ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე!

5

მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე!

6

გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე!

7

ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა.

8

იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი!

9

აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან!

10

მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

11

აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!

12

დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა!

13

ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა!

14

ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15

მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი!

16

შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა!

17

გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა!

18

მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს!

19

მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა!

20

და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან!

21

მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!

22

რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან!

23

რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან!

24

და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან!

25

მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა!

26

წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო!

27

და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო!

28

რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ!

29

რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

30

რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა!

31

ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

32

რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33

რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი!

34

დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე!

35

განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა!

36

შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე!

37

ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

38

მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი!

39

დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა!

40

შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ!

41

მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!

42

ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი.

43

განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი.

44

მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე.

45

მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე.

46

და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს.

47

ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა!

48

ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე!

49

განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე!

50

ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო!

51

განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!

123456789101112131415161718192021222324