ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე მეფეთა, თავი 16

1

როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო.

2

უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.

3

უთხრა მეფემ: სად არის შენი ბატონის ვაჟი? მიუგო ციბამ მეფეს: იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.

4

უთხრა მეფემ ციბას: შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი! თქვა ციბამ: თაყვანი მიცია, ვინძლო მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.

5

ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.

6

ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.

7

ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!

8

შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!

9

უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!

10

უთხრა მეფემ: რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის, ასე რატომ აკეთებო?

11

უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია.

12

ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.

13

და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.

14

გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.

15

ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მასთან იყო.

16

როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!

17

უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?

18

მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.

19

ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.

20

უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.

21

უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.

22

გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.

23

ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდა ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.

1

და დავით მცირედ წარ-ოდენ-სრულ იყო ჰრუსსა, და აჰა, ოდენ სიბა, მონა იგი მემფიბოსთესი, მოეგებოდა შემთხუევად დავითს და ორი კარაული აგებული მის თანა. და ეკიდა მათ ორასი ჴუეზა პური, ჴჳმირი ერთი სკიჭი და ასი ლეღვისკვერი და მარი ერთი ღჳნო.

2

მიუგო მეფემან სიბას და ჰრქუა: და რა არს ესე კარაულნი აღსაგებელითურთ? მაშინ თქუა სიბა: სამსახურებელად სამეფოდ პური ეგე და ლეღჳსკვერი და სკიჭი საჭმელად და მონათა შენთათჳს, ღჳნო ესე სასმელად მაშურალთა წყურიელთა!

3

და ჰრქუა მეფემან: სადა არს ძე იგი უფლისა შენისა? და ჰრქვა სიბამ მეფესა: მუნვე ზის იერუსალჱმსა და თქუა: დღეს, ანუ ხვალე მოაქციოს სახლმან ისრაჱლისამან ჩემდავე მეფობა იგი მამისა ჩემისა!

4

და ჰრქუა მეფემან სიბას: გვალე, შენ გეყავნ ყოველი, რაცა არს მემფიბოსთესი. და თაყუანი-სცა სიბამ მეფესა და ჰრქუა: რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა!

5

და მოვიდა დავით მეფე ბავრიმად. და გამოვიდა კაცი ერთი ნათესავისაგან საულისი, და სახელი მისი სემეი, ძე გერასი, მოვიდოდა და ძჳრსა იტყოდა, სწყევდა.

6

და ქვითა ესროდა დავითს და ყოველთა მონათა მისთა, და ყოველივე გუნდი მოვიდოდა მარჯუენით და მარცხენით მეფისა.

7

სემეი ესრეთ იტყოდა წყევასა მას მისსა: განგვალე, განგვალე, კაცი ეგე მოსისხლე და სავსე უსჯულოებითა!

8

და აწ მოაწია უფალმან შენ ზედა სისხლი იგი საულისი, რამეთუ მეფობდ შენ მის წილ და მისცა უფალმან მეფობა შენი აბესალომს, ძესა შენსა, და აღასრულა შენ ზედა უკეთურება შენი, რამეთუ კაცი მოსისხლე ხარ და ურჯულო!

9

მაშინ თქუა აბესა, ძემან შარუელისამან, მეფესა: რა ვინა არს ძაღლი ისი შეურაცხი, რომელი აგინებს უფალსა ჩემსა მეფესა? მიბრძანეღა და მივიდე და წარვკუეთო თავი მისი.

10

მიუგო მეფემან აბესას: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? ნუ აყენებ მაგას, აცადე და მწყევდეს, ვინ უწყის, თუ უფალსა უთქუამს, ვითარმედ ძჳრისა მეტყუელად აღუდგა დავითსაო და ვინა არს, რომელმან ჰრქუას მას, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ?

11

და ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას.

12

რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა.

13

და მივიდოდა დავით ერითურთ მთასა. და კაცი იგი სწყევდა და ქვითა ესროდა და მტუერსა გარდაასხმიდა.

14

და მოვიდა მეფე და ყოველი ძალი მისი დამაშურალი კიდედ იორდანისად და განისუენეს მუნ.

15

და აბესალომ ერითურთ შევიდა იერუსალემად და აქიტობელცა მათ თანა.

16

და ვითარცა მოვიდა ქუში, თანამზრახველი და მეგობარი დავითისი, აბესალომისა თანა, თაყუანი-სცა მას და ჰრქუა: უკუნისამდე ცხონდი, მეფე აბესალომ.

17

მიუგო აბესალომ ქუშის და ჰრქუა: ეგრევე სიყუარული იყო მეგობრისა შენისა? რასათჳს არა მიხველ მის თანა?

18

მიუგო ქუში აბესალომს: არა ეგრე, არამედ შეუდეგ მას, რომელი უფალმან გამოირჩია და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, მისივ ვიყო და მის თანაცა დავდგე!

19

და მერმე ვისი მონა ვარ? არა ვიცი მე, ვითარ არა თაყუანის-ვსცე ძესა მისსა? ვითარცა ვმსახურე მამასა შენსა, ეგრეცა შენს წინაშე ვიყო.

20

მერმე ჰრქუა აბესალომ აქიტობელს: განიზრახეთ, რა ვყო, რათა დავიპყრათ სოფელი ესე.

21

და ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: პირველად შევედ შენ ხარჭთა თანა მამისა შენისათა, რომელნი დაუტევებიან მცველად სახლსა მისსა, და სცნას ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არცხჳნე მამასა შენსა, რათა ერთგულ იყოს ერი ესე შენდა.

22

აღუდგეს კარავი აბესალომს ერდოსა ზედა და შევიდა იგი ხარჭთა თანა მამისა მისისათა განცხადებულად ყოვლისა ერისა ისრაჱლისა.

23

და ზრახვა იგი აქიტობელისა მტკიცე იყო პირველთა მათ დღეთა, ვითარცა ღმრთისა მიერ დამტკიცებულ წინაშე დავითისა და აბესალომისა.

123456789101112131415161718192021222324