პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი 6
უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.
რომელთაც მორწმუნე ბატონები ჰყავთ, პატივისცემას ნუ მოაკლებენ მათ, არამედ მით უფრო ერთგულად უნდა ემსახურონ, რადგანაც ისინი მორწმუნენი, საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,
მზვაობარია, არაფრის მცოდნე და დასნეულებული დავისა და ცილობის სენით, საიდანაც წარმოსდგება შური, განხეთქილება, გმობა, უკეთური ეჭვი,
გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
თუმცა ღვთისმოსაობა და თვითმკმარობა მართლაც რომ დიდი შენაძენია.
რადგან ამ ქვეყნად არაფერი მოგვიტანია და, რა თქმა უნდა, ვერც რას წავიღებთ.
თუ საჭმელი და ტანსაცმელი მოგვეძებნება, ამას დავჯერდეთ.
ხოლო გამდიდრების მოსურნენი საცდურის მახეში ებმებიან და ბევრი შლეგური, მავნე და კაცთა წარმწყმედ-დამღუპველი გულისთქმის ტყვენი ხდებიან.
რადგანაც ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა, და ზოგიერთი, ვინც ამ ვნებას აჰყვა, რწმენას განუდგა და თავს დაიტეხა ურიცხვი ჭირი.
შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,
რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,
ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.
მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,
და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.
რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.
რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა,
განლაღებულ არს, არარაჲ იცის. არამედ სნეულ არს ძიებისათჳს და სიტყუათა ლალვისათა, რომლისაგან იქმნებიან შურნი, ჴდომანი, გმობანი, იჭუნი ბოროტნი,
გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარეწავ არს ღმრთის მსახურებაჲ. განეშორე ესევითართა მათგან.
ხოლო ნანდჳლვე არს სარეწავ დიდ ღმრთის მსახურებაჲ უნაკლულოებით.
რამეთუ არარაჲ შემოვიღეთ სოფლად; ჩანს, რამეთუ არცა განღებად რას ჴელ-გუეწიფების.
ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ჴორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ.
ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცჳვიან განსაცდელსა და საფრჴესა და გულის თქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად.
რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.
ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა;
მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა.
გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ
დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,
რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან,
რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.
მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად,
კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ,
და იუნჯებდინ თავისა მათისა საფუძველსა კეთილსა მერმისა მისთჳს ჟამისა, რაჲთა შეეკრძალნენ საუკუნესა მას ცხორებასა.
ჵ ტიმოთე, ვედრი იგი დაიმარხე და განეშორე ბილწთა მათგან ცუდთა ჴმათა და სიტყჳს-გებათა მათგან ტყუვილით სახელის მეცნიერებისასა,
რომელსა-იგი ვიეთნიმე აღუთქუმიდეს და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს. მადლი შენ თანა. ამინ.